მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაგიჯდებათ მართვის მოწმობის აღება?

62679ec7b0cf7
თათია ჩაფიჩაძე
26.04.22 11:50
16881

დღეიდან, ვინც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ჩააბარებს, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეშიც მოუწევს. საქმე ის არის, რომ ოფიციალურად, 25 აპრილიდან ძალაში შევიდა ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. პირველ ეტაპზე ეს “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეგულაცია სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

გამოცდაზე რეგისტრაციის ჯამური თანხა 130 ლარი იქნება, საიდანაც 40 ლარი - თეორიის და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების ღირებულებაა, 90 ლარი კი - რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარების.

გამოცდაზე რეგისტრაციის გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს მეტის გადახდა მოუწევთ ავტოსკოლებისთვისაც, რადგან თუკი დღემდე დახურულ მოედანზე 5-6 პრაქტიკული გაკვეთილის გავლა იყო საჭირო, ამას უკვე ქალაქში საშუალოდ 10-მდე სავალდებულო გაკვეთილიც დაემატება; შედეგად დღეს არსებული 300 ლარის ხარჯი, დაახლოებით, 700-800 ლარი გახდება, ზოგიერთი ავტოსკოლის შემთხვევაში კი შესაძლოა, 1000 ლარამდეც გაიზარდოს.

"არტ დრაივის" დამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ დახურულ მოედანზე ერთი გაკვეთილის ფასი 35 ლარია, ქალაქში კი - 40 ლარი.

ავტოსკოლების პროგნოზით, ცვლილებების ძალაში შესვლა ბაზარზე არსებული ავტოსკოლების რაოდენობასაც შეამცირებს.

„სააღდგომო უქმეების გამო, ცვლილება რეალურად დღეიდან შევიდა ძალაში და ეს ეხება მათ, ვინც დღეიდან ჩააბარებს თეორიულ გამოცდას. პირველ ეტაპზე ვაბარებთ თეორიას და ერთი წლის განმავლობაში შეგვიძლია ჩავაბაროთ პრაქტიკული გაკვეთილები. პირველი ეტაპია მოედანი, შემდეგ - ქალაქი. ქალაქზე წინასწარი ჯავშნები იქნება საჭირო მას შემდეგ, რაც მსურველი მოედანზე წარმატებით ჩააბარებს გამოცდას.

აღსანიშნია, რომ მოედანზე ვინც ასწავლის იმ ინსტრუქტორებს 3-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეთ, ქალაქის ინსტრუქტორს კი - 5-წლიანი. ჩვენი ინსტრუქტორები მზად არიან ახალ რეალობაზე მოსარგებად, ჩვენს კომპანიას უკვე 12-წლიანი სტაჟი აქვს. საქართველოში სულ 1000-მდე ავტოსკოლაა, მათგან 300-მდე ლიცენზირებულია. ზოგიერთ ინსტრუქტორს თავადაც არ აქვს მართვის მოწმობა, ასეთებიც არიან... ასე რომ, გარკვეულწილად ამ მხრივაც შეიცვლება ბაზარზე სიტუაცია. ავტოსკოლა გამოცდაზე გაუშვებს მომზადებულ მოსწავლეს, ეს ჩვენს ინტერესებშია, რადგან იარსებებს ჩვენი რეიტინგების ბაზაც და პირობითად თვეში 500 მოსწავლიდან თუ ათმა ჩააბარა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება.

დღემდე თუ 5-6 გაკვეთილი იყო საჭირო, ამას დაემატება ქალაქში საშუალოდ 7-10 გაკვეთილი და თუ პირობითად აქამდე ეს სერვისი ჯდებოდა 300 ლარი, ეს თანხა საშუალოდ გაიზრდება 700-800 ლარამდე.

მაგალითად, რუსთავში 6 ლოკაციაა, მოძრაობა ჩვეულებრივად არის, თუმცა როცა იქ ერთი მოსწავლე აბარებს გამოცდას, იმ ადგილზე სხვა ავტომობილებს სწავლება არ შეეძლებათ. ვფიქრობ, თავიდან იქნება დაძაბულობა, დაახლოებით, 100-დან 20 ადამიანი ჩააბარებს და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დასტაბილურდება", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბერიშვილმა.

ახალი ამბები დღის განმავლობაში მრავალ სფეროს მოიცავს, ბიზნესში მიმდინარე სიახლეების სანახავად თვალი ადევნეთ BMG-ის.