მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაჯდება მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის აშენება? - თავდაცვის სამინისტროს ჯერ პასუხი არ აქვს

5df8f0f11304f
ინგა მურუსიძე
17.12.19 19:40
2222
მახათას მთაზე სამხედრო ქალაქს კერძო კომპანიების ნაცვლად თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ააშენებს - ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და  ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული პროექტი დღეს მეორედ დაანონსა, თუმცა ითქვა, რომ სამხედრო ქალაქის იდეა "არსებითი განსხვავებით" განხორციელდება. როგორც ირკვევა, "არსებით განსხვავებებს" შორისაა ისიც, რომ სამხედრო ქალაქს უწყების სამშენებლო კომპანია ააშენებს. 

სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას.
 
„საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ“, - აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, თადაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში ეწერა, რომ ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ბინის ღირებულების 60%-ის დაფარვა (მამუკა ბახტაძის ვარიანტის მიხედვით) ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

bm.ge-ის სამინისტროში უთხრეს ისიც, რომ სამხედრო ქალაქის მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება, მაგრამ უწყებაში არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული პროექტის განხორციელება ან საიდან აპირებს მთავრობა საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებას, რომელიც უკვე დამტკიცებულ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯერჯერობით, არ ჩანს.

„ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რისი თქმაც შეგვეძლო უკვე გავავრცელეთ; როცა შესაძლებელი იქნება, ყველა ინფორმაცია გახდება საჯარო და იქნება გამჭვირვალე, რასაც საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, - აცხადებენ სამინისტროში.