მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა „დელტაში“? – 2020 წლის ანგარიში

6206a5ddb31ed
თამთა ჯიჯავაძე
12.02.22 00:00
1407
დელტას 2020 წლის 31 დეკემბრით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „შენობა-ნაგებობების“ მუხლზე ირიცხება ობიექტები, რომელთა იდენტიფიცირება გართულებულია და ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დელტას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლის საბოლოო ნაშთი შეადგენს 78,889,583 ლარს. ამ მუხლთან დაკავშირებით აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოება:

- არასაცხოვრებელი შენობებისა და სხვა ნაგებობების ნაწილი წარმოდგენილია ღირებულების გარეშე;
- ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილზე სარგებლობის უფლება რეგისტრირებული არ არის;
- სხვა მანქანა-დანადგარები და მოწყობილობის ნაწილი ღირებულების გარეშეა წარმოდგენილი;
- სხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ანგარიშზე ირიცხება დაზიანებული, მორალურად მოძველებული და ფიზიკურად ამორტიზებული მატერიალური ქონება, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

გარდა ამისა, როგორც აუდიტი წერს, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დელტას ბალანსზე რიცხული 2,001,458 ლარის დაუმთავრებელი მშენებლობა უკავშირდება 2013 წელს დელტას მიერ შპს „სამშენებლო კომპანია-მშენებელი 2011“-ისგან სამშენებლო მასალების შესყიდვას.

„აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ანგარიშების წარდგენა დაევალა დელტას დაქვემდებარებაში მყოფ საინჟინრო სამსახურს. დელტამ ვერ წარმოადგინა საინჟინრო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშები, რის გამოც ვერ მოხერხდა შესრულებული სამუშაოს ზუსტი მოცულობის შეფასება და თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დელტას ბალანსზე − „ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტების“ ანგარიშზე ირიცხება 4,568,178 ლარის ღირებულების აქტივი, რომელიც მოიცავს როგორც დაშლილ მდგომარეობაში დასაწყობებული აქტივების, ასევე დელტას წარმოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით შესყიდულ მომსახურებას. აღნიშნულის ფარგლებში ჩატარებულია ტრენინგები. ორგანიზაციისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია აქტივისა და მომსახურების ღირებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დელტას მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აქტივის სამომავლო გამოყენების გეგმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რამდენად არის მოსალოდნელი აღნიშნული აქტივისგან რაიმე სახის სარგებლის მიღება და რამდენად აკმაყოფილებს ის, აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. 2020 წელს დელტას ბალანსზე რიცხულ 25 ერთეულ ძირითად აქტივზე განხორციელდა წინა წლებში დაურიცხავი ცვეთის დარიცხვა − ჯამურად, 150,050 ლარის ოდენობით. ოპერაცია, ნაცვლად წინა პერიოდის შეცდომების კორექტირებისა, აისახა მიმდინარე ცვეთის ხარჯის ანგარიშზე. დელტას ბალანსზე რიცხულ 119 ძირითად აქტივზე არ არის დარიცხული ცვეთის ხარჯი 326,645 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლის საწყისი ნაშთი წარმოდგენილია გაზრდილად, 150,050 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის „ცვეთის ხარჯის“ მუხლი − 218,437 ლარით შემცირებულად.

აღსანიშნავია, რომ დელტა არ ატარებს „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ ინვენტარიზაციას, რაც ხელს უშლის შეჩერებული შეკვეთებისა და სამშენებლო სამუშაოების, ასევე ექსპლუატაციაში შესული ძირითადი აქტივების დროულ იდენტიფიცირებას.

- 2015 წელს დელტამ სს „თამ“ თბილავიამშენს დაუბრუნა უზუფრუქტით გადმოცემული68 უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც მოიცავდა საამწყობო საწარმოს შენობასა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილს. საწარმოს შენობა დელტას ბალანსიდან ჩამოიწერა 2020 წელს, ადმინისტრაციული შენობის ნაწილი კვლავ ირიცხება მის ბალანსზე;
- დელტას ბალანსზე ირიცხება 21,375,056 ლარის საბალანსო ღირებულების სპეციფიკური აქტივი, რომლის საკუთრების უფლება 2012 წელს გადაეცა სამინისტროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ რწმუნება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „ძირითადი აქტივების“ მუხლის საბოლოო ნაშთის არსებობაზე, სისწორესა და სიზუსტეზე. სამინისტროში ძირითადი აქტივების აღრიცხვაში არსებული პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, ძირითად აქტივებში არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრა გრძელვადიანი პროცესია“, - წერია ანგარიშში.