07.თებერვალი .2020 19:44

რა დაუჯდა ფონდ "ქართუს" წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერა

views 376
უკან

საქართველოს ექსპრემიერის,ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ჯგუფმა” საკუთარი კონსოლიდირებული ანგარიშგება პირველად გაასაჯაროვა.

დოკუმენტში, რომელიც 2018 წელს ჯგუფის საქმიანობის მაჩვენებლებს ასახავს, საუბარია იმ პროგრამის ფინანსებზეც, რომლის შესახებ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე თავად ფონდი “ქართუ” ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას თავს არიდებს. საუბარია 2018 წელს განხორციელებულ ე.წ. ვალების ჩამოწერის პროგრამაზე.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო-ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. პრემიერმა ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ის საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ხმების მოსყიდვის მცდელობად შეფასდა, რაც შემდგომში OSCE-ის დასკვნაშიც აისახა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოწერილია 4,104,429,484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო.

ფონდ “ქართუსა” და კომერციულ ბანკებს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა წარიმართა. თითოეულმა სესხის გამცემმა საკუთარი ვადაგადაცილებული პორტფელი ფონდ “ქართუს” კონფიდენციალური ოდენობის თანხად მიჰყიდა. 2018 წელს “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ჯამური ხარჯები 2017 წელთან შედარებით 63,896,000 ლარით მეტი იყო. თუმცა ფონდის საქმიანობის ამსახველ ცხრილში მხოლოდ მთლიანი ხარჯები არის წარმოდგენილი და არაა მითითებული, თუ რა იყო ამ ხარჯებში ე.წ. “ვალების განულების” წილი.

აღნიშნულის მოცულობის შესახებ “ქართუ ჯგუფის” კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის “სხვა აქტივების” ქვეთავიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს “ქართუ ჯგუფმა” ვალების ჩამოწერის პროგრამის განსახორციელებლად ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – მისო “კრედიტი 2018” დააფუძნა, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიზანიც ფონდ “ქართუსთვის” შესაბამისი დაფინანსების მიცემა და აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ფონდისგან ჩამოსაწერად გამზადებული ვალების პორტფელის მიღება იყო.

მისო “კრედიტი 2018”-მა ჩამოსაწერად გამზადებული პორტფელი ფონდ “ქართუსგან” შეიძინა და შემდგომ ის გაანულა. შესყიდული პორტფელის ღირებულებად ანგარიშგებაში 38,877,000 ლარი არის მითითებული - შესაბამისად, “ქართუ ჯგუფის” კომპანიამ აღნიშნულ თანხად გამოისყიდა ფონდისგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი.

თავად “კრედიტი 2018”-ის ფინანსური შედეგები საჯარო არაა, შესაბამისად, უცნობია, მთლიანობაში რა იყო აღნიშნული კომპანიის ბრუნვა და განხორციელებული ოპერაციების სრული მოცულობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისო “კრედიტი 2018” 2018 წლის 5 დეკემბერს დაფუძნდა, ეროვნული ბანკის რეგისტრაცია კი კომპანიამ 2018 წლის 28 დეკემბერს გაიარა.

“ქართუ ჯგუფის” აუდიტორულ ანგარიშში ნათქვამია:

“კომპანიამ დააფუძნა სს მისო “კრედიტი 2018” წელს. აღნიშნულმა კომპანიამ “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში ფიზიკურ პირებზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე გამოისყიდა საკრედიტო პორტფელები სს “ფონდი ქართუსგან”, რომლებიც 100%-იანი წილის მქონე აქციონერის გადაწყვეტილებით ჩამოიწერა სრულად საკრედიტო დავალიანებების პატიების შედეგად. გარდა აღნიშნული აქტივობისა, სს მისო “კრედიტი 2018” არ აწარმოებს სხვა ტიპის საქმიანობას, შესაბამისად კომპანიის (“ქართუ ჯგუფის”) ინვესტიცია შვილობილ საწარმოში მენეჯმენტის შეფასებით არის სრულად გაუფასურებული”


ამავე ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.

“დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

• Krista Investments – 48.324%;

• Sargans Limited – 45.353%;

• Tarpan – 1.092%;

• Agroservice LLC – 4.243%;

• Interinvest LLC – 0.988 %.

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით უტა ივანიშვილია. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის აქტივების ღირებულება 1,270,909,000 ლარს შეადგენს.

Forbes-მა პროექტის დაფინანსების შესახებ კითხვით “ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელ პირებსა და “კრედიტი 2018-ს” მიმართა. ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

 

 

წყარო: https://forbes.ge/news/7722/ra-daujda-qarTus-valebis-Camowera?fbclid=IwAR0wU3ZtTouMDlQKitSmHdpLeeCT78PnU85XDy7L6s_noyNzXnmTOD5WrLg

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა