მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა სახელმწიფოს რთველი? - ლევან დავითაშვილის პასუხი BMG-ს

5f9a705ce4dfb
ინგა მურუსიძე
29.10.20 11:48
1064
2020 წლის რთველი დასრულებულია და მევენახეებმა სულ 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს. ყურძნის ჩაბარებაში წელს პირველად ჩართული იყო „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც მეღვინეებს ყურძნის ჩაბარებაში ეხმარებოდა. სქემა ასეთია: „მოსავლის მართვის კომპანიამ“ მეღვინეების „ხელით“ მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა, თან დიდი რაოდენობით, მეღვინეებმა ნედლეული უნდა გადაამუშაონ და შეინახონ იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მართვის კომპანია მას გასაყიდად არ გამოიტანს ბაზარზე.

BM.GE გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დაინტერესდა, სულ რამდენი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებაზე წელს:

„სახელმწიფოს მხრიდან შესაძენი ყურძნის თანხა იყო მთლიანად 100 მლნ ლარი, ან ცოტა მეტი, მაგრამ აქ ნაწილი იყო ბიუჯეტის რესურსი და ნაწილი სახელმწიფო კომპანიის სუბსიდირება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის, „სახელმწიფო მართვის კომპანია“ გახლავთ ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიმართ იყენებს.

ჩვენს შემთხვევაში წნეხი მოდის ხოლმე ყურძენზე, თუმცა სხვა სფეროებშიც მოგვიწია ამ ბერკეტის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ოპერაციები არის სუბსიდირებული, თუმცა არის კომერციული კომპონენტიც. ამ კომპანიის ოპერირებაშიც არის ოპერაციები, რომლებიც მინიმუმ ისეთი მდგრადია, რომ ზარალზე არ მიდის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მომგებიანიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ჯერჯერობით პოზიტიური მოლოდინები არ არის, თუმცა არ გამოირიცხება, რომ მსოფლიო ბაზრები აღდგეს სწრაფად და „ნედლეულს მეტი ფასი ჰქონდეს“.

„ანუ, შეიძლება სახელმწიფომ ეს რესურსები მომგებიანად დააბინაოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.