მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დახმარებას მიიღებს რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოსგან

5dfdf20d694e7
ინგა მურუსიძე
21.12.19 17:00
2094
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს სხვა დახმარებასთან ერთად, ფინანსურსაც დაჰპირდა. როგორც bm.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, საავადმყოფოს რეაბილიტაციაც იგეგმება. 

"გეგმები არის ძალიან სერიოზული. უკვე ვიწყებთ მუშაობას საავადმყოფოს ეკონომიკურ გუნდთან ამ საკითხზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოიარეს კლინიკა, დეტალურად დაინტერესდნენ, რა და როგორ არის. სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა და რეაბილიტაცია დაიწყება. სერიოზული გეგმები გვაქვს - ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან გვიხარია, რომ გაჩნდა ხედვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ისევ გაუჩნდა შანსი, იყოს წარმატებული კლინიკების რიგში, თუმცა ჩემი აზრით, არც ისე წარუმატებელი იყი, მიუხედავად გაჭირვებისა", - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, იმ გეგმით, რაც სამინისტროს აქვს, ასევე იმ ინტელექტუალური რესურსით, რომელიც კლინიკას აქვს, რესპუბლიკური საავადმყოფო კონკურენტუნარიანი გახდება.

კითხვაზე, მიიღო თუ არა საავადმყოფოს მენეჯმენტმა ფინანსური დახმარების პირობა, გოფოძემ განაცხადა, რომ "კონკრეტულად არაფერი თქმულა, თუმცა საუბარი იყო ყველანაირ დახმარებაზე, ხოლო ფინანსური დახმარების გარეშე, სერიოზულ წინსვლაზე საუბარი ვერ იქნება".

"რაიმე კონკრეტულზე ამ ეტაზე საუბარი არ ყოფილა. შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში შევხვდებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და გეგმაც შემუშავდება", - განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში ჩაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია.