მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელით ექიმებს, ვინც "რესპუბლიკურის" საკარანტინო ზონად გადაკეთების გამო "იძულებით ისვენებენ"?

5e5f7dce287b0
ინგა მურუსიძე
04.03.20 16:12
7094
როგორც ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდა. ამ ეტაპზე იქ 29 მოქალაქე იმყოფება; რაც შეეხება საავადმყოფოში კარანტინამდე შესულ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს.

ამასთან, ამ დროისთვის კარანტინში მყოფ მოქალაქეებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი ემსახურება, მათ შორის არიან თერაპევტები, ექთნები, სანიტრები, კარდიოლოგები და ა.შ. რაც შეეხება ქირურგებს და სხვა პროფილის ექიმებს, რომელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 40-ს არ აღემატება, ამ ეტაპზე სამუშაო საათები საგრძნობლად შეუმცირდათ, ვინაიდან, კარანტინში მათი საჭიროება არ არის.

Bm.ge დაინტერესდა, რა ელით ექიმებს, აუნაზღაურდებათ თუ არა „იძულებითი დასვენების“ პერიოდი და როგორი იქნება მათი მომავალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ლევან გოფოძე ირწმუნება, რომ ექიმები ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება 29 მოქალაქე და არც ერთ მათგანს არ უფიქსირდება კორონავირუსი, ანალიზები უარყოფითია. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფო მხოლოდ კარანტინს ემსახურება და მანამდე ჩვენთან მწოლიარე პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სხვა კლინიკებში გადავიყვანეთ. კარანტინს ემსახურებიან ჩვენი თანამშრომლები, მათ შორის თერაპევტები, კარდიოლოგები, ემერჯენსის სპეციალისტები და ა.შ. გარდა ამისა, სხვა პროფილის ექიმები მაინც ჩართული არიან პროცესში და მორიგეობებზე მოდიან. რაც შეეხება იმ ექიმებს, ვისი მომსახურეობაც საჭირო არ არის, ამ საკითხზე სამინისტრო სერიოზულად მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ჩვენთან და მოგვცა გარანტია, რომ ყველა ექიმი იქნება უზრუნველყოფილი ფინანსურად მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ისინი დატვირთული არ არიან“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება კარანტინი, რესპუბლიკური საავადმყოფო დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს და ექიმებიც დაუბრუნდებიან სამუშაოს. „უმუშევარი და სახსრების გარეშე არავინ დარჩება“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხზე ფინანსისტები უკვე მუშაობენ და მომდევნო დღეებში გაიწერება, თუ როგორ მოხდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან დაკავშირებით ანაზღაურების გაცემა.

„სიტუაცია არ არის ჩვეულებრივი. ჩვენ ვოპერირებთ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში. ფინანსისტები ახლა ამუშავებენ და მოამზადებენ ინფორმაციას, ექიმების საშუალო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ისინი ჩვეულ რეჟიმში არ მუშაობენ, მიიღონ სათანადო ანაზღაურება. ეს თანხა კომპენსაციის სახით გაიცემა, თუ როგორ მოხდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს-ხვალ უკვე გვექნება ინფორმაცია. ექიმები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რომ არ მოხდეს მათი ინტერესების დაზიანება, ვინაიდან ეს მდგომარეობა მათი სურვილის გარეშე ხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.