18.თებერვალი .2020 22:00

რა ეტაპზეა 3000 ადამიანზე გათვლილი სტუდენტური ქალაქის პროექტი

views 3447
უკან

რა ეტაპზეა 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქის მოწყობის პროექტი?! - ამ საკითხზე BM.GE თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლაშა საღინაძეს ესაუბრა. 

საღინაძის თქმით, განათლების სამინისტროში უკვე შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომლის ფარგლებშიც, ინფრასტრუქტურის სააგენტომ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგია შეისწავლა. მისივე განცხადებით, კომისიის ფარგლებში პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს. “სურვილი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის აუქციონის საშუალებით უკვე გამოვლინდეს, ვინ იქნება სტუდენტური საცხოვრებლის ინვესტორი”,- აცხადებს საღინაძე.

ლაშა საღინაძემ BM.GE-სთან მომავალი სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ სხვა დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საცხოვრებელი 3000 სტუდენტს დაიტევს და იქ ცხოვრებას ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი შეძლებს.

“საერთო საცხოვრებელი ფასიანი იქნება. ფასი რომ ხელმისაწვდომი იყოს, ეს თვითონ ინვესტორის ინტერესშიც შედის, რადგან მაღალი ფასი მოთხოვნას შეამცირებს”, - აღნიშნავს საღინაძე.

თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმითვე, სტუდენტური საცხოვრებელი გააერთიანებს არა მხოლოდ ოთახებს, არამედ - კვების ობიექტებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. “შესაძლოა საუბარი იყოს აუზზეც”,- აცხადებს ლაშა საღინაძე.

საღინაძის თქმით, სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობაზე ინტერესი განათლების სამინისტრომ 2016 წელს გამოთქვა და დღეს პროექტში ინვესტირებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. მისივე თქმით, პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯერჯერობით კონკრეტულ თანხაზე ვერ საუბრობს.

“თსუ სტუდენტურ საცხოვრებელს მაღლივის მიმდებარე ტერიტორიას უთმობს, სხვა მხრივ, სახელმწიფოს ინვესტიცია პროექტში ნულის ტოლია. საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ინვესტორი სრულად დააფინანსებს”,- აცხადებს თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ლაშა საღინაძის თქმითვე, საერთო საცხოვრებელი 20 წლის ვადით გადაეცემა ინვესტორს, რათა საცხოვრებლის მენეჯმენტი უზრუნველყოს. “ამის შემდეგ ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდება”,- აცხადებს საღინაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა