08.მაისი .2020 10:15

რა ეტაპზეა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა?

views 483
უკან

ბათუმის შემოვლით გზაზე 18 ხიდისა და 4 გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამუშაოები ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. 

"აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულებას და შრომის უსაფრთხოების პირობებს, პერიოდულად საავტომობილო გზების დეპრტამენტის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 329 630 734 ლარია.