მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ღია ბანკინგის პროექტი?

60c88af86accf
ლიკა გურაბანიძე
20.06.21 16:20
604
თითქმის ერთი წელია, საქართველო ღია ბანკინგის პროექტის დანერგვაში აქტიურად ჩაერთო და საქართველოს საბანკო ასოციაცია , საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით სტანდარტის შემუშავებაზე მუშაობს, რომლის ძირითადი მიზანია, ქართულ ბანკებში დაცული ინფორმაცია ე.წ. მესამე მხარის პროვაიდერებისათვის - არასაბანკო ინსიტუტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

გადაცემაში “საქმიანი დილა”, "საქართველოს საბანკო ასოციაციის" ღია ბანკინგის პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ კაპანაძემ განაცხადა, რომ პროცესი სწორად ვითარდება და ის ახლა მნიშვნელოვან ეტაპამდეა მისული.

“ცოტა ხნის წინ ღია ბანკინგის პირველი ეტაპი დავხურეთ. კერძოდ, ახლა ყველა ბანკში, მომხმარებლების ანგარიშსწორების ანგარიშის ინფორმაცია გარე მხარეებისთვის ტექნიკურად ხელმისაწვდომია. გარე მხარეები ჯერ ისევ კომერციული ბანკები არიან, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს მესამე მხარის პროვაიდერებისთვის ჯერ გაშვებული არ არის, რადგან იქ ბევრი რამ იტესტება. ზოგადად, ამით შესაძლებელი ხდება, რომ ღია ბანკინგი ხელმისაწვდომი იყოს, არა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისთვის, არამედ უცხოური კომპანიისთვისაც.

როდესაც, სტანდარტის წერა დავიწყეთ, ჩვენი აქცენტი იყო ის, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ გავქცეოდით. ჩარჩო ავიღეთ და დავავიწროვეთ, ხოლო საბოლოოდ ქართულ რეალობას მოვარგეთ.” - აღნიშნა კაპანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ოთარ გორგოძის თქმით, მათთვის ღია ბანკინგი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.

“წლების განმავლობაში ე.წ. საგადახდო დირექტივის იმპლემენტაციას განვიხილავდით, თუმცა დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ადგილობრივი ბაზარი ამისთვის მზად იყო. თუმცა, ბანკებთან საუბრით დავრწმუნდით, რომ ბაზარი მზად არის, ჩვენ სასწრაფოდ პრაქტიკების შესწავლა დავიწყეთ. ამ პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რაც გამოიკვეთა და რისი გადაჭრაც ვცადეთ, ეს საერთო სტანდარტის არსებობა იყო. ბევრ ქვეყანაში, სადაც ღია ბანკინგი დაინერგა სტანდარტი ერთგვაროვანი არ იყო და ფინტეკ კომპანიებს თავისი ბიზნესის სკანირების და მასშტაბურობის პრობლემა ჰქონდათ. სწორედ საერთო სტანდარტის დანერგვის პროცესი დავიწყეთ. აქ ისეთი საკითხები ჩაიდო, რაც შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ საკითხებიდან გამომდინარე, დიდი შესაძლებლობა ფინტეკ კომპანიებისთვის იხსნება, რათა ძირითადი საბაზისო, საბანკო სერვისები მომხმარებლებს საბანკო ლიცენზიის გარეშე თავად შესთავაზონ.” - განმარტა გორგოძემ.