11.თებერვალი .2020 11:40

რა ეტაპზეა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტი?

views 2762
უკან

დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას, - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ნოემბერში გააკეთა.

Bm.ge დაინტერესდა, დაიწყო თუ არა პროექტის განხორციელება, რა და როგორ გაკეთდება მთაწმინდის მიმდებარედ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება და "ქართუ" ამ ეტაპზე ტერიტორიას სწავლობს.  

მათივე განმარტებით, თბილისის მერიასთან კომუნიკაცია მას შემდეგ შედგება, რაც კომპანია დეტალურ პროექტირებას განახორციელებს, თუ რის გაკეთებას გეგმავს მთაწმინდის ფერდობზე. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, დახარჯავს თუ არა "ქართუ" ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ 12-15 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გასული წელის 4 ნოემბერს Entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს.

როგორც ივანიშვილმა თქვა, 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ბევრი ისეთი ხე დაირგო, რომელიც არსებული კლიმატური პირობებისა და ნიადაგისთვის შეუსაბამო იყო. ამის გამო, ივანიშვილის თქმით, მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება:

"ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.
დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანსს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა [ტყემალაძე], რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა", – ამბობდა ივანიშვილი.

მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება:

"ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება. ამასთან ერთად, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ თაბორის მთის პროექტის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მუდმივად ირგვებოდა ახალი ხეები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯიშები არ იყო სწორად შერჩეული და ეს პროცესი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. მიუხედავად ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ თემურთან [ტყემალაძე] ერთად მის უნიკალურ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ძალიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ თბილისელებს" ,- თქვა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა