მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა კურორტ შოვის განვითარების $50-მილიონიანი პროექტი?

62653fe37062f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 00:00
1618
შოვში 4-სეზონიანი, საერთაშორისო დონის ბალნეოლოგიური კურორტის მოწყობა იგეგმება. 50 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტზე აქტიური მუშაობა შოვის ტერიტორიის 60%-ის მფლობელმა - კომპანია „შოვი რიზორტმა“ და პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „სიმეტრიამ“ 2016 წლიდან დაიწყეს. 2021 წლის შემოდგომისთვის შოვის პროექტის მენეჯერი ირაკლი ფაილოძე კი 2022 წლის გაზაფხულიდან, კურორტზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მზაობას გამოთქვამდა, თუმცა ამისთვის კომპანია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, შოვის კურორტის განვითარების გეგმის განხილვასა და საბოლოო შეთანხმებას ელოდა.

BM.GE დაინტერესდა - როგორ მიმდინარეობს დღეს შოვის განვითარების პროექტი და რა ნაბიჯები გადაიდგა მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების დასაწყებად.

აღსანიშნია, რომ ინვესტორმა პროექტის განხორციელებისთვის საერთაშორისო კომპანია Ernst and Young-ის მიერ კურორტის კონცეფციისა და ავსტრიელ სპეციალისტებთან ერთად კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნაზე 0.5 მლნ დოლარი უკვე დახარჯა. ეს გეგმა თავის მხრივ სახელმწიფოს მიერ ონის განაშენიანების გეგმასთან კოორდინაციით შემუშავდა და რამდენიმე წელია, ონის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვასა და საბოლოო სახით საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებას ელოდება.

პროექტის ხელმძღვანელების ინფორმაციით, გასული წელს, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ონის ადგილობრივმა მთავრობამ, საკითხი თაროდან ჩამოიღო და ონის ადგილობრივ საკრებულოში შოვის გენგეგმის რამდენიმე საჯარო განხილვაც მოაწყო, თუმცა საბოლოო დასკვნა კურორტის გენგეგმაზე ჯერ არ შეჯერებულა.

„2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურბანულ სამსახურში კურორტის განვითარების გენგეგმაში საჭირო ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2020 წელს ონის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვებისთვის წავიდა. გასული წლის შემოდგომამდე, პროექტი სუბიექტური მიზეზების გამო არ განუხილავთ, თუმცა ახლა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პროაქტიული მუშაობა დაიწყო. ონის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები შეთანხმდნენ, რომ კურორტის გენგეგმა შესათანხმებელია, კურორტის გენგეგმა მოსახლეობას წარუდგინეს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და პროექტთან მიმართებით, მოსახლეობის მხრიდან განცხადებებსა და მოსაზრებებს ელიან, რათა განიხილონ მათი მოსაზრება და მიიღონ გადაწყვეტილება... თუმცა გენგეგმის შეთანხმებას დღემდე ველით“, - განმარტა უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ შოვის პროექტის მენეჯერმა ირაკლი ფაილოძემ.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ მნიშვნელოვან წინსვლას კურორტის მფლობელებთან თანამშრომლობის კუთხითაც მიაღწიეს. მათი ინფორმაციით, შოვის მთლიან ტერიტორიის 90%-ს კომპანიები „სანსეტ შოვი“, „პანსიონატი რაჭა“ და „შოვი რიზორტი“ ფლობენ. ისინი კურორტის ერთიანი განვითარების საკითხებზე შეთანხმდნენ, რამაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის პროცესში კერძო სექტორის საერთო ინტერესი გამოკვეთა.

„შოვის კურორტის ძირითადმა მფლობელებმა, რომლებსაც კურორტის ტერიტორიის 90% ეკუთვნით, მარტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, სადაც ყველა მხარე კურორტის ერთიანი განვითარების გეგმას იზიარებს. კურორტი გამოდის როგორც ერთიანი სუბიექტი სახელმწიფოს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში“, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.

„სიმეტრიაში“ აღნიშნავენ, რომ ევროპული დონის კურორტის შექმნა და საინვესტიციო პროექტის განხორციელება მხოლოდ მისი ერთიანი განაშენიანების გეგმის დამტკიცებით იქნება შესაძლებელი. BM.GE-ის კითხვაზე - როდის ელიან პროექტის მმართველები ადგილობრივი ხელისუფლებიდან გენგეგმის საბოლოო დადასტურებას და როდიდან შეიძლება კურორტის აღდგენა-მოწყობაზე მუშაობის დაწყება, ირაკლი ფაილოძე ამბობს, რომ „ეს საკითხი ფაქტობრივად უპროგნოზოა“.

„თუ პროცესები 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდებოდა, ჩვენი პირობითი გეგმით გაზაფხულიდან პროექტზე მუშაობის დაწყებას შევძლებდით. პროექტირებისთვის 0.5 მლნ დოლარზე მეტია საჭირო. ამ ეტაპზე, გენგეგმის შეთანხმებამდე კურორტის პროექტირებაზე ფულადი რესურსების გაღება, მიზანშეუწონელია. საპროექტო სამუშაოები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა გენგეგმა შეთანხმდება. თუ პირობითად 2022 წლის პირველ ორ კვარტალში შეთანხმდება, მაშინ სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, შეთანხმების დღიდან 9-12 თვე დაგვჭირდება. ადგილზე სამუშაოების დაწყებასაც მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ. ვიბრძვით იმისთვის, რომ კურორტის განაშენიანება არა ქაოტურად, არამედ ერთიანი გეგმით მოხდეს“, - უთხრა BM.GE-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

„შოვის კურორტის“ განვითარების ავტორების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომპანია ეკონომიკის ახალ მინისტრთანაც აქტიურ კომუნკაციაშია და რაჭაში საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ელის.

„გვინდა, გავიგოთ კურორტისა და ზოგადად, რაჭის რეგიონის განვითარებისთვის რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო თავის თავზე. ბოლო შეხვედრისას ლევან დავითაშვილმა იმ საკითხების გაზიარება გვთხოვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კურორტის განვითარების პროექტის შესრულებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება კურორტამდე მისასვლელი გზის მოწყობა, მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, ელექტრომომარაგებით თუ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფა - ბევრი საკითხია, რომელსაც სამინისტროს საინვესტიციო გუნდთან ერთად სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ“, - აღნიშნა უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ შოვის პროექტის მენეჯერმა.

„სიმეტრიას“ ინფორმაციით, „შოვის კურორტის“ საინვესტიციო პროექტის ღირებულება დაახლოებით 50 მლნ დოლარია. პროექტი „შოვი რეზორტის“ 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, სადაც რესტორნები, სპა და ბალნეოლოგიური ზონა, გასართობი ღია და დახურული სივრცეები იქნება განთავსებული; ასევე ოჯახური და ჯგუფური დასვენებისთვის განკუთვნილი 30-მდე კოტეჯს, „სან-სეტ შოვის“, დაახლოებით, 150-ნომრიანი სასტუმროს და „სანატორიუმ რაჭას“ 100-ნომრიანი სასტუმროს და 10-მდე კოტეჯის მოწყობას მოიცავს. გეგმაში მთლიანი კურორტის ლანდშაფტური კეთილმოწყობა და სხვადასხვა გასართობები შედის - ფეხით, ცხენითა და ველო-მოტო გადაადგილებისთვის განკუთვნილი 3.4 კმ-იანი წრიული ბილიკი; შშმ პირებისა და ასაკოვანთათვის შიდა 1.4 კმ-ის სიგრძის ბილიკი, რომლის დახრა 5%-ს არ აღემატება. კურორტ შოვის დღიური დატვირთვა 1 450 ადამიანი უნდა იყოს, რაც წლიურად საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 60 000 ტურისტის მოზიდვას ნიშნავს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მისი განხორციელებით რეგიონში 300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.