01.ივლისი .2022 09:00

რა ეტაპზეა "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის პროცესი - "გაკოტრება არავის ინტერესშია"

რა ეტაპზეა "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის პროცესი -  "გაკოტრება არავის ინტერესშია"
views 683
უკან

გასული წლის ბოლოს “ჯორჯიან ეარვეისმა” გაკოტრება-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

კანონის თანახმად, რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას კრედიტორები განსაზღვრავენ, თუმცა კანონის მიხედვით, 60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კრედიტორების გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას კი ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე.

BLC-ის პარტნიორი გიგა ბათლიძე BMG-თან აცხადებს, რომ “ჯორჯიან ეარვეისს" რეაბილიტაციის გეგმა მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა კრედიტორების გადაწყვეტილებით გახანგრძლივდა. ბათლიძის თქმით, რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობას, სავარაუდოდ, ზაფხულში დაასრულებს.

“ხედვა წარმოვადგინეთ, რომელიც მოისმინა როგორც რეაბილიტაციის ზედამხედველმა, ასევე კრედიტორებმა. ეს შეხვედრა სასამართლოში შედგა. იქ დამსწრე კრედიტორების 70%-მა ერთხმად დაუჭირა მხარი იმას, რომ რეაბილიტაციის ვადა უნდა გაგრძელდეს და მზად არიან, გონივრული ფინანსური გეგმის წარმოდგენის შემთხვევაში, მიიღონ და ხელი შეუწყონ კომპანიის რეაბილიტაციას. “ჯორჯიან ეარვეისის” გაკოტრება არავის ინტერესში შედის. კრედიტორებმა დაგვავალეს, რომ ფინანსური მოდელი შევიმუშაოთ. კომპანიის დღევანდელი მზარდი შემოსავლები კარგ სურათს გვაძლევს იმისთვის, რომ რეაბილიტაციისკენ წავიდეთ”,-ამბობს ბათლიძე.

“ჯორჯიან ეარვეისის" იურისტი ფიქრობს, რომ რეაბილიტაციის გეგმას კომპანიის რამდენიმე ათეული კრედიტორი დაამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის კრედიტორებს შორის არიან სახელმწიფო კომპანიები საქაერონავიგაცია და აეროპორტების გაერთიანება.

“მთელი ამ პერიოდის მანძილზე ავიაკომპანიას ოპერირება არ შეუწყვეტია. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ იანვრიდან - მარტამდე, ხოლო აპრილიდან დატვირთულობა იმატებს, რაც შემოსავლების ზრდასაც გულისხმობს. ვადა ამოგვეწურა და კრედიტორები გვერდში რომ არ დაგვდგომოდნენ, გაკოტრების გამოცხადება მოგვიწევდა. მხარი დაგვიჭირეს, რათა ამ გეგმაზე ვიმუშაოთ. ამ ეტაპზე “ჯორჯიან ეარვეისს” 20-25 კრედიტორი ჰყავს. ესენი არიან ძირითადად ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიას ლიზინგით თვითმფრინავი ან საწვავი მიაწოდეს. რაც შეეხება კრედიტორების მიმართ არსებულ დავალიანებას, მათი გადახდის რეჟიმი გეგმაში აისახება, თუმცა საშუალო პერიოდად 3-5 წელი უნდა ვივარაუდოთ. ეს არის ვადა, რაზეც შესაძლოა მსჯელობა იყოს. გეგმის დამტკიცების შემდეგ კრედიტორებმა შესაძლოა ზედამხედველი დატოვონ და რა სახით შემდეგში გამოჩნდება”,-აცხადებს ბათლიძე.

კითხვაზე ფარავს თუ არა “ჯორჯიან ეარვეისი” მიმდინარე ვალდებულებებს, ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას შესაძლებლობა აქვს მიმდინარე შემოსავლებით ხარჯები გაისტუმროს.