მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც მთავრობა 2014 წლიდან წერს

61ee9df7c94a8
მარიამ ვარადაშვილი
28.01.22 17:50
734
"საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი დასკვნით ეტაპზეა“, - ასე ლაკონურად პასუხობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

"საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო და საბოლოო სახე ამ დრომდე არ მიუღია. მთავარი მიზეზი საკანონმდებლო პაკეტის მისამართით საფოსტო სფეროში მოქმედი კომპანიების მწვანე კრიტიკა და წინააღმდეგობაა. წლების განმავლობაში, ამ პროცესში ყველაზე აქტიური Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი იყო, რომელსაც კანონპროექტის საბოლოო ვერსია, ჯერჯერობით, არ უნახავს, მაგრამ როგორც BM.GE-სთან ყვება, ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო პაკეტში შესული ყველა ცვლილება, რომელიც ევროპულ პრაქტიკას და კანონმდებლობას ესადაგება, სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია, ამიტომ კანონპროექტთან მიმართებით შენიშვნების რიცხვი შემცირდა. 

საქმე ისაა, რომ "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი საფოსტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. სფეროს სპეციალისტების მოსაზრებით, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველებს სხვადასხვა ბიუროკრატიულ მოთხოვნას უდგენს. ამასთან, როგორც ამ დრომდეა ცნობილი, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს ანუ ,,საქართველოს ფოსტას’’ მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული ოპერატორის სტატუსი, რაზეც ბაზრის მოთამაშეებს ჰქონდათ რეკომენდაცია, რომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ეროვნული ოპერატორი კონკურსის გზით შერჩეულიყო.

ეროვნული ოპერატორი უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას განახორციელებს. აღნიშნულ მომსახურებაში შედის საბაზისო საფოსტო მომსახურება, მომსახურების დამატებითი კომპონენტების გარეშე. 

აღსანიშნია, რომ „ფოსტის შესახებ კანონპროექტი“ 2021 წლის პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველი კანონპროექტების ნუსხაშიც იყო, მაგრამ ფაქტია, ამ დრომდე არათუ დოკუმენტის საპარლამენტო განხილვები გამართულა, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ ის საქართველოს მთავრობაზეც არ წარუდგენია დასამტკიცებლად და ასევე, როგორც bm.ge-ს Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა განუცხადა, კანონპროექტის საბოლოო ვერსია, ჯერჯერობით, არც ბაზრის მონაწილებს უნახავთ.

ნინო მენთეშაშვილის თქმით, დარგთან კონსულტაციები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო პერიოდულად მართავდა, დიდი ხანია არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არ იცის, აისახა თუ არა ბაზრის მოთამაშეების ბოლო შენიშვნები კანონპროექტში.

“სამინისტროდან მპასუხობენ, რომ ჯერ ვმუშაობთო. ვალდებულება აქვთ, საბოლოო ვერსია მოგვაწოდონ, რომელსაც გავეცნობით, თუმცა ჯერ არ გამოუგზავნიათ. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საკურიერო მომსახურება გამიჯნული იყოს ჩვეულებრივი, უნივერსალური მომსახურებისგან. ვთანხმდებით, რომ „საქართველოს ფოსტა“ არის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თუმცა ის ასევე ითვისებს კურიერულ მომსახურებას, რაც სულ სხვა სფეროა. ვთვლით, რომ ის არ უნდა იჭრებოდეს კურიერული მომსახურების ბაზარზე.

ამდენად, მხოლოდ უნივერსალური მომსახურება უნდა რეგულირდებოდეს და ყველა სხვა დანარჩენი უნდა განიხილებოდეს როგორც ლიბერალიზებულ ბაზარზე მოქმედი ოპერატორები. ეს გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე არ უნდა იყოს კანონის მიერ მონოპოლიები, რისი მცდელობაც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა. კერძოდ, ის რომ ნაწილობრივ პატარ-პატარა სეგმენტზე კანონისმიერი მონოპოლია დაემკვიდრებინა”, - აცხადებს ნინო მენთეშაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, კანონპროექტის ბოლო ვერსია, რომელსაც ის გაეცნო, კერძო სექტორისთვის ბაზარზე გარკვეულ რისკებს ტოვებს, ამიტომ რიგი დეფინიციების დაზუსტება/განმარტება მოითხოვეს.

„იმ ვერსიაში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეფარვითაა მინიშნება, რომ სახელმწიფო შესყიდვებისგან წამოსული წერილები უნივერსალურ მომსახურებაში გაეყვანათ, ამიტომ სწორი დეფინიციები მოვთხოვეთ. კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ თუ რომელიმე საფოსტო ოპერატორი შეიჭრა უნივერსალური მომსახურების ბაზარზე, მარეგულირებელს ანუ კომუნიკაციების კომისიას შეუძლია ჯარიმა დააკისროს, მაგრამ არაა განმარტებული, რა ითვლება შეჭრის კრიტერიუმად და როგორ უნდა დადგინდეს შეჭრა“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

მისივე შეფასებით, საფოსტო-საკურიერო კომპანიები 2014 წლიდან იმის მოლოდინში არიან, რომ ბაზრის დატოვება მოუწევთ.

„სულ იმ საფრთხის ქვეშ ვართ, რომ ბაზრიდან საერთოდ გაგვყრიან. ამ კანონპროეტის პირველი რედაქცია ისეთი იყო, ბაზარზე ვეღარ დავრჩებოდით. განსაკუთრებით ადგილობრივი კომპანიები. ამის შემდეგ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩვენ მუდმივ საფრთხეში ვართ. უკვე 2022 წელია და ამ კანონპროექტში რას შეცვლიან, სულ ამის მოლოდინში უნდა ვიყოთ“, - აცხადებს Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.