მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი?

64816dca84b71
ნინო ტაბატაძე
08.06.23 10:30
3797
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღეისათვის დასრულებულია ყველა, 6-ვე გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში უკვე მოძრაობს მატარებლები.

დარჩენილ 3 გვირაბში მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებისთვის მომზადების სამუშაოები. ასევე სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთზე.

„დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის ახალი სადგურიც. რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს - ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვიშხეთი- მოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. დაწყებულია ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - წერია პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო ანგარიშში.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო მონაცემებით, 2024 წელს სრულად უნდა დასრულდეს.  2020 წელს შეთანხმების შედეგად მოდერნიზაციის პროექტის საერთო ღირებულება შემცირდა 12 მილიონი შვ. ფრანკით და გახდა 248 მლნ. შვ. ფრანკი. საიდანაც დღეისათვის ათვისებულია 239 მლნ. შვ. ფრანკი. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე
• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ
მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა
მრუდების მაქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.