მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა სახელმწიფოსა და ENKA-ს შორის სამართლებრივი ურთიერთობა? - მინისტრის განმარტება

621357ff58ae9
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.22 13:19
1292
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით “ნამახვანჰესის” ინვესტორ კომპანია ENKA-სთან სახელმწიფოს საკმაოდ რთული და კომპლექსური ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის მიერ დაქირავებული იურისტები და სხვა საკონსულტაციო ორგანიზაციები.

დავითაშვილის თქმით, ENKA-ს აქვს პრეტენზიები საქართველოს მთავრობასთან, რადგანაც კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში შეფერხდა.

“კომპანია ენკას თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები.

ამაში არიან სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებსაც შენიშვნები აქვთ რაღაცეების შესრულებასთან და შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. არსებობს სასამართლო პროცესები.

ბევრი რამისგან შედგება და კომპლექსური საკითხია, უნდა გვესმოდეს, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.