მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ყალბი დღგ-ების საქმე? - მინისტრის განმარტება

5f4a5e5c1a97c
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 17:52
1526
ერთ წელზე მეტია, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. “ყალბი დღგ”-ების საქმის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება. 2019 წელს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე კომპანიების დიდი ნაწილი ნავთობით ვაჭრობის სფეროში იყო ჩართული. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქმეზე სახელმწიფომ 120 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დააყადაღა, სამართალდამრღვევებისგან კი რამდენიმე მილიონი ლარის მოცულობის ნაღდი ფულის და ძვირფასეულობის ამოღება მოხდა. ამასთან, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივ სქემაში ბრალდებულთა ნაწილი ყოფილი ჩინოვნიკია და ისინი წარსულში როგორც პროკურატურაში, ასევე შემოსავლების სამსახურში მუშაობდნენ.

საქმის გამოძიების შედეგებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესის შესახებ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიერ პარლამენტარ ლევან კობერიძისთვის გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა. მინისტრის პასუხის თანახმად, საქმეზე გამოძიება 40 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, ხოლო სამართლებრივ პასუხისგებაში კი 188 ადამიანი მიეცა.

ივანე მაჭავარიანის განმარტება ყალბი დღგ-ების საქმეზე:

“გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 46 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2019 და მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 194-ე მუხლებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სულ 188 პირი. დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარმართულია 40 სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება წერილში დასმულ საკითხს, ხელოვნურად შექმნილი აქტივის ფარგლებში ამჟამად რა თანხაზე მიმდინარეობს გამოძიება, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ 6 სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 19 პირის მიმართ, ხოლო ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა ჯამურად შეადგენს დაახლოებით 21 მილიონ ლარს.

გამოძიების პროცესში დანაშაულებრივ სქემებში ჩართულ ყველა კომპანიაში ჩატარებულ იქნა საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც კომპანიებს გაუუქმდათ ყალბი აქტივები და ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხათ ჯამში ასობით მილიონი ლარი. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულ იქნა დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული პირების უძრავი-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით,"- ნათქვამია წერილში.