მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ევალება და რა არ ევალება საპენსიო სააგენტოს დირექტორს

5dee65cea8346
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 10:10
1249
2019 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებული იყო, საკუთარი ნება-სურვილის მიუხედავად, სახელმწიფომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართო. მათგან სქემიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ 40 წელზე უფროსებს აქვთ. სისტემაში დღეისთვის 943,113 ადამიანი მონაწილეობს, 163,000-მა კი ის დატოვა.

სახელმწიფო საპენსიო ფონდის კაპიტალი დღეს 461 მილიონი ლარია - თითქმის ნახევარი მილიარდისა და რეფორმის დაწყებიდან 342 დღის შემდეგაც არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავდა.

ეს კი ნიშნავს, რომ დღეს თანხა, რომელიც ფონდში მიიმართება, არ ინვესტირდება იმ პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, რომლის მიხედვითაც თანხების ინვესტირება დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით იყო გათვალისწინებული.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება ევალება საინვესტიციო საბჭოს, რომელიც ხუთი წევრისგან არის დაკომპლექტებული.

საინვესტიციო საბჭოს წევრი არ არის საპენსიო სააგენტოს დირექტორი, რომელსაც აკუმულირებული თანხის განკარგვის ნაცვლად, ზოგადად ორგანიზაციის მენეჯერული მართვის ვალდებულებები აქვს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღემდე ვაკანტურია უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა - სწორედ საინვესტიციო ოფიცერს ევალება საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, თანხების ინვესტირება.

დაგროვებითი პენსიის კანონის მიხედვით, ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა გარკვეულ ჩარჩოებში არის მოქცეული. განსაზღვრულია ბალანსი და ლიმიტები, რაც ინვესტირების დროს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტს შორის უნდა იყოს დაცული, ამასთანავე დაშვებულია შესაძლებლობა, რომ აქტივების ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყოს შენახული.

კანონის მიხედვით, სისტემაში გაწევრიანებულ პირებს საშუალება აქვთ აირჩიონ სამი განსხვავებული რისკიანობის (ნაკლები, საშუალო და მაღალი რისკიანობის) მქონე პორტფელი.

“თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტირების შედეგად შემდგარი საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით,”- ნათქვამია კანონში.

დადგენილი ზღვრები კი ასეთია:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი:

ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 75 პროცენტამდე;
სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე;
წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი:

ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 50 პროცენტამდე;
სასესხო ფასიანი ქაღალდები − 75 პროცენტამდე;
წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;
სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე;

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი:

ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 25 პროცენტამდე;
სასესხო ფასიანი ქაღალდები − 50 პროცენტამდე;
წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;
სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 20 პროცენტი;
საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 40 პროცენტი;
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 60 პროცენტი.

შესაბამისად, დღეს იმის გამო, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობს, მოქალაქეთა მიერ ფონდში გადარიცხული თანხა, მხოლოდ ლარშია განთავსებული, ეს კი ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურების ფონზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს ვალუტოს მერყეობის მიმართ სრულად მოწყვლადს ქმნის (გარკვეული სავალუტო დივერსიფიკაციის შემთხვევაში, ლარის კურსის მერყეობის მიმართ მოქალაქეთა დანაზოგები სავარაუდოდ უფრო დაცული იქნება).

ზემოთაღწერილი პარამეტრების მიხედვით, საინვესტიციო დოკუმენტის შემუშავება და მისი შემდგომი ინვესტირება საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას წარმოადგენს და არა სააგენტოს დირექტორის მოვალეობას.

კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობები ასეთია:

“საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთვის ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და სტრუქტურას, რომლებსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ წესებსა და პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს:

ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს მიერ მისთვის წარდგენილ საკითხებზე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წამოაყენებს საპენსიო სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხასთან დაკავშირებულ წინადადებებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში,”- ნათქვამია კანონში.