მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფაქტორები ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციებისთვის? - მიმოხილვა

5f19c1b32c477
თამთა ჯიჯავაძე
23.07.20 23:00
1068
საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ საინვესტიციო გარდატეხა მოახდინოს და ისედაც შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვა შეძლოს, – ამის შესახებ საუბარია კონრად ადენაუერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივ მიმოხილვაში "Covid-19-ის ეპოქა და საინვესტიციო შესაძლებლობები".

მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა შემდგომი წლების მაჩვენებლები სტაბილური კლებით ხასიათდება. "განსაკუთრებული ვარდნით გამოირჩევა 2018 და 2019 წლები, როცა დაახლოებით 1/3-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა 2014 წელთან შედარებით. შესაბამისად, საინვესტიციო შემოდინებების კლება ჯერ კიდევ კორონავირუსის გამოჩენამდე დაიწყო, 2020 წელი და პანდემია კი მთელი მსოფლიოსთვის და, შესაბამისად საქართველოსთვისაც, დამატებითი საინვესტიციო გამოწვევებით აღინიშნა", – აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორები ასევე საუბრობენ იმ ფაქტორებზეც, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციებისთვის:

"პირველ რიგში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და ის განსაკუთრებულობა, რომელიც კონკრეტულად ქვეყანას შეუძლია შესთავაზოს ინვესტორს. ამ ყველაფერში, ცხადია, უკანასკნელი ადგილი არ უკავია მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე შექმნილ კონიუნქტურას", – წერია მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნული, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლით, ზიანი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას Covid-19-ის გავრცელებამ მიაყენა, მძიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. 

"წლისთვის მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმუმ 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად შემცირდება განვითარებად ქვეყნებში. 2020 წლის პირველი ნახევრის ვარდნის შემდეგ, ყველაზე პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, 2021 წლამდე არსებული საინვესტიციო მოცულობა ვერ 
აღდგება. კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვარაუდობს გაერო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 
30-40% შემცირებას ელოდება. სექტორების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 208%-ით 
შემცირდება ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ სექტორში, 116%-ით ავიაციის სექტორში და 47%-ით 
ავტო ინდუსტრიაში. ეს მოცემულობა კიდევ უფრო ზრდის კონკურენციას ინვესტიციების საერთაშორისო ბაზარზე", – წერენ მიმოხილვის ავტორები.