07.ივლისი .2022 09:45

რა ფაქტორების გამო არის საქართველოში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - Galt & Taggart-ის შეფასება

რა ფაქტორების გამო არის საქართველოში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - Galt & Taggart-ის შეფასება
views 2763
უკან

2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა ბოჭორიშვილმა ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ზრდაზე მთავარ გავლენას გაზრდილი ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი ახდენს. ამ ფაქტორების გათვალისწინებთ, Galt & Taggart-ი წელს ქვეყანაში 10.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

“ნამდვილად მოლოდინზე უკეთესი ზრდა გვაქვს და მაისშიც მაღალი 11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ მაღალ ბაზას, რომ 2021 წლის მაისში 26%-იანი ზრდა იყო, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ასევე საინტერესოა პირველი კვარტალი, რომელიც ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა და პირველ კვარტალში გვაქვს 14.9%-იანი ზრდა. კვარტალურ დაზუსტებულ მაჩვენებლებში მშენებლობის სექტორში თავდაპირველად ფიქსირდებოდა კლება, თუმცა დაკორექტირდა და ზრდა გვაქვს წლის პირველ კვარტალში. მშენებლობის სექტორი არის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და ამასაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ზრდის მიმართულებით.

5 თვეში გვაქვს 11.2%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ივნისიც გავიდა და რასაც ვუყურებთ, ივნისშიც მაღალი მაჩვენებელი იყო ზრდის. მესამე-მეოთხე კვარტალსაც უფრო კონსერვატიულად შევხედეთ და მეორე კვარტალში, რასაც ვფიქრობთ იგივე მონაცემები გავავრცელეთ, რადგანაც ვითვალისწინებთ გარკვეულ ფაქტორებს, რაც არის საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ამის მიუხედავად, ჩვენი შეფასებით ეკონომიკური ზრდა წელს 10.6% იქნება. ამას ჯერჯერობით ოპტიმისტურ სცენარს ვუწოდებთ, თუმცა როგორც გამოქვეყნდება ივნისის მაჩვენებელი ეს უკვე გახდება ჩვენი საბაზო სცენარი.

რა მონაცემებიც გვაქვს, ზრდაზე მოქმედებს ფულადი გზავნილები, სადაც რეკორდული ციფრებია, რაც მოხმარებას ასტიმულირებს. ეს არის ექსპორტი ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორ ძირითად სავაჭრო პარტნიორში ომია, ექსპორტი მაისში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე ეს არის ტურიზმის ეფექტი. მაისში ტურიზმის შემოსავლები თითქმის 100%-ით აღდგა, მაშინ როდესაც ვიცით რომ ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 52%-ით არის აღდგენილი. აქაც მიგრანტების ეფექტსაც შეაქვს წვლილი. ჩვენ დაშვება გვაქვს, რომ მომდევნო თვეებშიც ტურისტული ნაკადების აღდგენა გაძლიერდება. ესეც არის დამატებითი ფაქტორი, რაც თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში.

რომ შევაჯამოთ, თუ საიდან მოდის ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადი წარმმართველია მოხმარება, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდა. მოხმარებას ხელს უწყობს ფულადი გზავნილები, ხელს უწყობს ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც ასტიმულირებს ეკონომიკას,” - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.