11.იანვარი.2019 15:20
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

რა ფაქტორი არ უნდა გამორჩეს სახელმწიფოს TBC-ის საქმეზე? - რომან კაკულიას მოსაზრება

რა ფაქტორი არ უნდა გამორჩეს სახელმწიფოს TBC-ის საქმეზე? - რომან კაკულიას მოსაზრება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელმა კარგად იცის, ზოგადად, ბიზნესგარემოს მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის.

ასე უპასუხა რომან კაკულიამ TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან და ზოგადად, ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით bm.ge-ის კითხვას.

„პირველ რიგში, უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ რადგან თვითონ მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელი (შალვა თადუმაძე) არ არის ის ადამიანი, რომელიც მარტო ამ სფეროში მუშაობდა... ის იყო სხვა პოზიციებზეც და ძალიან კარგად იცის, ზოგადად, ბიზნესგარემოს მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის; ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოს მხედველობიდან არ გამორჩება. მეორეს მხრივ, ცხადია, რადგან ასეთი დიდი ინტერესი არსებობს შიგნით და უფრო მეტი იქნება გარეთაც, გარკვეული გონივრული დროის გასვლის შემდეგ, მეტი სიცხადე იქნება საჭირო იმასთან დაკაშირებით, რომ გვქონდეს მეტი ინფორმაცია, რომ ნაკლები კითხვა დარჩეს“, - განაცხადა კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, „მსგავსი ფაქტები ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენის მომხდენია“.

„შესაძლოა, ზოგადად, ბანკების მიმართ ბევრი კითხვაა, მაგრამ ეს არანაირად, არ აკნინებს ბანკების როლს ეკონომიკაში; მსგავსი ფაქტები ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენის მომხდენია. კიდევ ერთხელ განვმეორდები, იმედი მაქვს, ეს პროკურატურის ხელმძღვანელობას ძალიან კარგად ესმის“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, bm.ge-ის კითხვაზე - რა გავლენა შეიძლება იქონიოს TBC ბანკის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ „საუკუნის პროექტად“ აღიარებულ ანაკლიის პორტის განხორციელებაზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კითხვა ლეგიტიმურია.

„რა თქმა უნდა, რადგან ეს თემა გაჟღერდა, ეს ლეგიტიმაციას აძლევს ასეთი ტიპის შეკითხვას და ასევე ვალდებულებას ზრდის იმისთვის, რომ პროკურატურის ნაბიჯები და მათგან წამოსული ინფორმაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ ასეთი ტიპის კითხვებისთვის და ინტერპრეტაციისთვის ველი არ დატოვოს“, - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 14:50
32

“საქართველოს ბანკი” ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:42
31

BMW ევროპიდან 560 ათას ავტომობილს გაიწვევს.

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:26
82

„მენაშენეთა ასოციაცია“ სამშენებლო სექტორში კალაძის ახალ რეგულაციებს გაგებით ეკიდება

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:43
135

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება - კანონპროექტი პარლამენტშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:17
136

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას"

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:56
203

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება 732.2 მლნ-ია

ვრცლად