მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად ჩაიბარებენ წელს თხილს და შეექმნება თუ არა პრობლემა ექსპორტს? - ასოციაცია

5f2588a0caab7
ინგა მურუსიძე
02.08.20 12:05
8706

წელს თხილის ჩასაბარებელი ფასი სავარაუდოდ კვლავ 8 ლარი იქნება, - ამის შესახებ bm.ge-ს „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განუცხადა. მისი თქმით, თხილის ჩაბარება უკვე დაწყებულია, თუმცა ეს საწყისი ეტაპია და აქტიური ჩაბარება უკვე 10 აგვისტოსთვის დაიწყება.

„წელს ველოდებით მაღალმოსავლიანობას, შარშან დაახლოებით 40 ათასი ტონა მოსავალი გვქონდა, ხოლო წელს 50 ათას ტონას ველოდებით. ხარისხს რაც შეეხება, მონაცემები შედარებით უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. ფასზე გეტყვით, რომ ჯერჯერობით მაინც მრავალი ფაქტორია, რაც თხილის ფასზე მოახდენს გავლენას, მათ შორის არის ევროპიდან მოთხოვნაც. მე ვფიქრობ, რომ ფასი იგივე ნიშნულზე იქნება, რაც იყო შარშან - 8 ლარის ფარგლებში“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე თხილი მუდმივად დეფიციტურია, ამიტომ ქართველ ფერმერებს მისი ჩაბარების პრობლემა არც აქამდე ჰქონიათ და არც ახლა ექნებათ.

„2018 წელს ნამდვილად ცუდი ხარისხის თხილი გვქონდა და ევროპულ ბაზარზე პოზიციები დავკარგეთ, თუმცა 2019 წელს შედარებით უკეთესი ხარისხის თხილი გვქონდა და შევძელით ევროპულ ბაზრებზე დაბრუნება. წელს ორივე წელთან შედარებით უკეთესი ხარისხის თხილი გვაქვს. ადვილი არ იქნება, თუმცა აუცილებლად დავიბრუნებთ ადგილს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ზოგადად, თხილის გატანას ევროპულ ბაზარზე პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა ქარდავამ.

 

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში 11.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 843.1 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 15.1%-ით აღემატება.

საქსტატის მიხედვით, განსხვავებულია ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მონაცემები. თუ ნაჭუჭგაუცლელი თხილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 5 ქვეყანაში გავიდა, ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი 14-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 410.2 ათასი დოლარი შეადგინა;

საექსპორტო ქვეყნებია:

1. იტალია - 233.2 ათასი აშშ დოლარი, 72.0 ტონა;
2. ჩინეთი - 75.4 ათასი დოლარი, 25.0 ტონა;
3. ისრაელი - 47.1 ათასი დოლარი, 14.0 ტონა;
4. ტუნისი - 38.4 ათასი დოლარი, 12.0 ტონა;
5. ბელარუსი - 16.1 ათასი დოლარი, 7 ტონა.

რაც შეეხება ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტს, იანვარ-მარტში, ჯამში, 11.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 712.1 ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული.

გასუფთავებული თხილის საექსპორტო TOP-10 ბაზარი:

1. გერმანია - 3.2 მლნ დოლარი, 462.6 ტონა;
2. იტალია - 3.0 მლნ დოლარი, 471.0 ტონა;
3. ბელარუსი - 855.1 ათასი დოლარი, 165.0 ტონა;
4. პოლონეთი - 721.8 ათასი დოლარი, 110.0 ტონა;
5. ჩეხეთი - 695.5 ათასი დოლარი, 108.8 ტონა;
6. ესპანეთი - 499.6 ათასი დოლარი, 69.5 ტონა;
7. ლიეტუვა - 469.2 ათასი დოლარი, 65.5 ტონა;
8. საფრანგეთი - 337.9 ათასი დოლარი, 48.0 ტონა;
9. რუსეთი - 293.6 ათასი დოლარი, 42.0 ტონა;
10. უკრაინა - 224.5 ათასი დოლარი, 55.0 ტონა.