მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმით ჩაერთვება განათლების სამინისტრო თავდაცვის უწყების ახალ ინიციატივაში - ჩხენკელი

5f2beec31e1bf
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 15:50
1077
„მოხარული ვართ შესაძლებლობით, ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თავდაცვის მინისტრის მიერ სამხედრო მოსამსახურეების განათლების ამაღლებისა და ოჯახების მხარდაჭერის ახალი ინიციატივის წარდგენის შემდეგ განაცხადა, როდესაც პროექტის ფარგლებში ორ უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მიხეილ ჩხენკელმა თავდაცვის სამინისტროს პროექტში განათლების სამინისტროს თანამონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ»

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.