14.იანვარი .2021 12:35

რა ფორმით იმოქმედებს წელს ხელფასის სუბსიდირების პროგრამა - მთავრობის დადგენილება

რა ფორმით იმოქმედებს წელს ხელფასის სუბსიდირების პროგრამა - მთავრობის დადგენილება
views 469
უკან

საქართველოს მთავრობამ 2021 წლისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამები დაამტკიცა. ეს სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მისი ბიუჯეტი წელს 770 ათასი ლარია. უწყება წელს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებასთან და დასაქმების მაძიებელთა კონსულტირების გარდა, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთათვის ხელფასის სუბსიდირების პროგრამას დააფინანსებს. აღნიშნულ პროგრამას სახელმწიფო რამდენიმე წელია ახორციელებს.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ პროგრამის ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ხელფასის 50%-ის დაფინანსებას მიიღებენ. პროგრამა კერძო სექტორის მხრიდან შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შრომის ანაზღაურების სუბსიდირება – ახალგაზრდები, შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 560 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560 (ხუთას სამოცი) ლარს ერთ თვეში.

2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560 (ხუთას სამოცი) ლარისა.

4. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადით.

5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი,”- ნათქვამია დადგენილებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა