მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმით წახალისდებიან კოვიდ-პასპორტიანები? – NCDC წინადადებებს ამზადებს

608a81d578aeb
ინგა მურუსიძე
29.04.21 14:40
1064
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ კოვიდ-პასპორტიანი მოქალაქეების წახალისებაზე მუშაობს. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შესაბამისი წინადადებებით ეპიდემიოლოგები უწყებათშორის საბჭოს მიმართავენ.

საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მოქალაქების ნაწილი მიდგომას დისკრიმინაციულად აფასებს.

Bm.ge-მ დღეს გამართულ ვებინარზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, მარინა თოფურიძეს ჰკითხა, თუ რა ფორმის წახალისებაზე მუშაობს NCDC:

„ამაზე ვმუშაობთ და ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ რაზე შეჯერდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ორი მაგალითი, აცრის მიხედვით პირველ ადგილას არის ისრაელი, ხოლო მეოთხეზე არის ჩილე. ბოლო მონაცემებით, ჩილეში კოვიდ-ვირუსის გავრცელების საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელი აქვთ.

ძალიან საინტერესო დებატებია ამაზე, თუ რატომ არის ამხელა პიკი მიუხედავად ვაქცინაციისა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დავიცვათ ზომიერება. მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი დასრულდა და ნაადრევმა ნაბიჯებმა მიიყვანა ინფიცირების კვლავ მაღალ მაჩვენებლებამდე“, - განაცხადა თოფურიძემ.
მისი თქმით, იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაქცინაციის გაკეთება ვირუსის გავრცელებისგან 100%-ით იცავს.

„მუშაობა მიმდინარეობს, შემოთავაზება იქნება გონივრული, რისკები გათვალისწინებული და ასევე გავითვალისწინებთ უცხო ქვეყნების მაგალითებს ისე, რომ არ დაირღვეს არავის უფლებები“, - აღნიშნა თოფურიძემ.