მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფუნქციები ექნება მერიის ტრანსპორტის სააგენტოს ორ ახალ სტრუქტურულ ერთეულს?

6418595c45be0
თინათინ ნატმელაძე
20.03.23 17:05
677
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების“ სააგენტოს ორი ახალი სტრუქტურული ერთეული დაემატება - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახური და სანებართვო-ანალიტიკური სამსახური.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე აღნიშნულ ცვლილებას მედიასთან განიხილავს და ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურული დანაყოფები საჭიროა.

„სანებართვო-ანალიტიკური სამსახური მხოლოდ ტაქსებზე არ იმუშავებს, სხვადასხვა მიმართულება ექნება. ელექტრონულ პლატფორმაზე ბრუნვაში 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვა ჩაეშვება, რომელსაც მომსახურება, ანალიტიკა, დაკვირვება სჭირდება, ტრენდებს უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ცხადია, ამაზე ტრანსპორტის სამსახურმა სათანადოდ უნდა იმუშაოს.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახურს - ის დაარეგულირებს სამშენებლო ობიექტების დროებითი საგზაო მოძრაობების სქემებს. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ობიექტი ვალდებულია მერიასთან შეათანხმოს ტრანსპორტის გადაადგილების სქემა, შესაბამისად ამის კონტროლს მუნიციპალიტეტი ახორციელებს, რომ გზა არ გადაიკეტოს, ასევე ფეხით მოსიარულეებსა და ტრანსპორტს სავალი ნაწილი მივცეთ და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამას გარდა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებაში საჯარიმო ქვითრების კონტროლი, სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება და სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა შედის.

ხოლო, რაც შეეხება სანებართვო-ანალიტიკური სამსახურის უფლებამოსილებას, ესენია: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვის მაძიებლის ან ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მათთან შეხვედრების უზრუნველყოფა, სამართალდარღვევის ფაქტების კონტროლი და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ერთიანი ანალიზის მომზადება.