მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააკეთა და რას გეგმავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად - პრემიერის განმარტება

5e575fc43730d
ინგა მურუსიძე
27.02.20 10:18
868
გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ არის შემუშავებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თანმიმდევრულად ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიურად გრძელდება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა.

„სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად ამ შემთხვევას ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა საზღვარზე. გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. პირველი ნაბიჯი იყო ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვა, შემდეგ მოხდა ირანიდან ფრენების შეწყვეტა, ხოლო გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანიდან სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გვაძლევს გარანტიას იმასთან დაკავშირებით, რომ ვმართოთ პროცესი და ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, რის გამოც, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ძირითადი რესურსი, ცოდნა და კომპეტენცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტური პარტნიორები მათთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მებაჟეებს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მესაზღვრეებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.