მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააქვს საქართველოს ევროკავშირში - სპილენძი, თხილი, ოქროს ჯართი (TOP 10 პროდუქტი)

614dae70d01fd
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.21 09:00
2983
2021 წლის რვა თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის სახით სულ $389 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიუხედავად, საქართველოს უჭირს მოძებნოს ის პროდუქცია, რომლის ექსპორტსაც ევროკავშირში მოახდენს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში როგორც 2020, ასევე 2021 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო. თავისმხრივ, სპილენძის მადნები საქართველოს წმინდა ექსპორტს არ წარმოადგენს და ის თითქმის სანახევროდ, სომხეთიდან საქართველოში შემოტანილი მადნების რეექსპორტია. წელს ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ სპილენძის მადნების ექსპორტის კლებაა. სანაცვლოდ გაიზარდა ამ პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში, რის შედეგადაც ჩინეთმა EU-ს გადაასწრო და საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა.

2021 წლის პირველ 8 თვეში ევროკავშირში ექსპორტირებული ტოპ-10 სასაქონლო ჯგუფი ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $164 მილიონი, კლება წინა წელთან 37%;


2. თხილი - $28 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%;



3. ღვინოები - $17.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29.4%;



4. ოქროს და სხვა ძვირფასი მეტალების ჯართი - $16.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 201%;


5. მსუბუქი ავტომობილები - $16.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 78%.


6. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $15.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 17.5%



7. ფეროშენადნობები - $15.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 161%;



8. სპირტიანი სასმელები - $14.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5.5%;



9. მინერალური და მტკნარი წყლები - $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%;


10. ხის ნაწარმი, სხვა - $10.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%.