მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაგვაქვს ჩინეთში, სადაც ექსპორტის მოცულობა $182 მილიონით გაიზარდა

5f3d239d294fd
BM.GE
19.08.20 16:56
6561
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთი საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მეტიც, COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქართული ექსპორტი ჩინეთში მზარდია. 

$1.8 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ექსპორტის მთლიან მოცულობას წარმოადგენს, 14.1 % ანუ $248.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი სწორედ ჩინეთში გავიდა. ეს 2019 წელს არსებულ $66.2 მილიონთან შედარებით $182.1 მილიონი დოლარით მეტია. 

2020 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთში გასული საექსპორტო საქონლის ხუთეული ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $ 200.7 მლნ, ზრდა წინა წელთან 416.2 %;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები - $ 21.8 მლნ, (წინა წელს აღნიშნული საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $ 7.9 მლნ, კლება წინა წელთან 28.8 %;
4. მედიცინის ხელსაწყოები და მოწყობილობები - $ 4.9 მლნ, კლება წინა წელთან 42.6 %;
5. კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და სხვა სანელებლები - $ 2.5 მლნ, ზრდა წინა წელთან 73.5 %.

სავარაუდოდ, ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობის ზრდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, რომლიც 2018 წლიდან ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბარიერების კერძოდ, სატარიფო და ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრას გულისხმობს. საქართველოდან ჩინეთში საექსპორტო საქონელის ნაწილზე საბაჟო ტარიფების გაუქმება შეთანხმების ამოქმედების პირველივე წელს მოხდა, ხოლო ნაწილის კი, ეტაპობრივად, განაკვეთის მოკლევადიანი შემცირების გზით მოხდება, რომელიც სრულად ხელშეკრულების დადებიდან მეხუთე წელს დასრულდება.