მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაიყიდა, რა გადაეცა მთავრობას, რა ვერ იყიდება - საპარტნიორო ფონდის რესტრუქტურიზაცია

5f9ab6467aaec
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 10:10
1463
"საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, რომელსაც IMF-თან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება შეზღუდული აქვს.

ფონდმა 2019 წელი 71 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც 2018 წელს არსებული 585-მილიონიანი ზარალის შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ შედეგს წარმოადგენს. პარალელურად, ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი - მთავრობა მის რეფორმირებაზე მუშაობას აგრძელებს. ფინანსთა სამინისტრო კი ფისკალური რისკების ანალიზში მიუთითებს, რომ საპარტნიორო ფონდი დადებითი ტენდენციის მიუხედავად ფისკალური რისკების წყაროს წარმოადგენს.

საპარტნიორო ფონდის აუდიტორულ ანგარიშში ფონდის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ არის საუბარი. ჯგუფის შემადგენლობიდან უკვე გამოვიდნენ “ესკო” და “სახელმწიფო ელექტროსისტემა” და ისინი მთავრობას გადაეცა, “თელასის” აქციები კი საჯარო აუქციონზე $10.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამასთანავე, ზაფხულში დაიწყო “კლინიკების განვითარების კომპანიის” ლიკვიდაცია, რომელიც რესპუბლიკურ, ყოფილ ონკოლოგიურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებს მართავდა.

ცვლილებები ჯგუფის სტრუქტურაში

“2020 წლის 28 თებერვალს საქართველოს მიერ გაცემული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ შეამცირა ჯგუფის კაპიტალი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და სს „ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“ 100%-იანი წილების საქართველოს მთავრობისთვის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) გადაცემის გზით.

2019 წელს ჯგუფის მიერ საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ სამეურნეო სუბიექტებთან ოპერაციების ფარგლებში მიღებული სს „საქრუსენერგოში“ 50%-იანი წილი, სრულად დაუბრუნდა საქართველოს მთავრობას 2020 წლის თებერვალში.

2020 წლის ივნისში, დაიწყო შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ლიკვიდაციის პროცედურები, რომლის შემდეგ სრულად გაუქმდება ჯგუფის ინვესტიციებში 100%-იანი საკუთრების უფლება. შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ შვილობილი კომპანიები, იმ მიწასა და შენობა-ნაგებობებთან ერთად, რომელზეც ისინი ფუნქციონირებენ, სრულად გადაეცა საქართველოს მთავრობას, 2020 წლის 06 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული გადაწყვეტილების მიხედვით. შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ერთადერთი მიზანი იყო შვილობილი საავადმყოფოების და დაკავშირებული უძრავი ქონების მართვა.

2020 წლის ივლისში, ფონდის მეკავშირე საწარმოს სს „Vanric Agro“ (ფონდის წილი 40.48%) გაკოტრების პროცედურების ნაწილის სახით ჩატარდა საჯარო აუქციონი, ამ კომპანიის აქციების გასაყიდად. საჯარო აუქციონის გამარჯვებული ადგილობრივი კომპანია შპს „ეფკო“ იყო, რომელმაც ფონდთან გააფორმა სასესხო ხელშეკრულება, 2019 წელს გაფორმებული ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად. სესხის ძირითადი თანხაა 2.5 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ფონდისთვის სასესხო მოთხოვნას წარმოადგენს.

2020 წლის სექტემბერში ფონდმა საჯარო აუქციონი ჩაატარა სს „თელასში“ საკუთრების უფლების წილის (24.53%) მთლიანად გასაყიდად. საჯარო აუქციონის გამარჯვებული იყო ადგილობრივი კომპანია შპს „Best Energy Group“, რომელმაც შეიძინა სს „თელასის“ აქციები დაახლოებით 10,500 ათასი აშშ დოლარად.

2020 წლის სექტემბერში, ფონდის ერთ-ერთმა მეკავშირე საწარმომ - სს „Panex“-მა ფონდისგან სრულად გამოისყიდა მისი აქციები (48.17%), 2,055 ათასი აშშ დოლარის ოდენობით,”- ნათქვამია ფონდის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

ამასთანავე, საპარტნიორო ფონდი მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს “ბორჯომი ლიკანის” გაყიდვას/იჯარით გადაცემას ცდილობს, თუმცა 4 სექტემბერს ხელმეორედ გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. ფონდი სასტუმროს $30 მილიონ დოლარად ყიდდა. ფონდმა ობიექტის რეალიზაციის/იჯარის მიზნით გაცემის მიზნით პირველი საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი $37.5 მილიონი დოლარი იყო.

საპარტნიორო ფონდის ძირითადი შვილობილი კომპანიების შემოსავალი 2019 წელს ასეთი იყო:

● ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 915 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 33%), წმინდა მოგება 121 მილიონი ლარი (კლება 24.8%);
● ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 570 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 7%), წმინდა მოგება 0 (უცვლელია);
● საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 257 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 5%), წმინდა მოგება 10 მილიონი ლარი (კლება 36%);
● საქართველოს რკინიგზა - 519 მილიონი ლარის შემოსავალი, სრული ზარალი 6 მილიონი ლარი, 2018 წელს ზარალი 716 მილიონი ლარი იყო. თავისმხრივ, რკინიგზის ამ მოცულობის ზარალი კომპანიის აქტივების გაუფასურებით იყო გამოწვეული.

2019 წლის მდგომარეობით ფონდის აქტივები 6 მილიარდ ლარს შეადგენს.