მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდება გურიაში პრემიერის ინიციატივის – "განახლებული რეგიონების" ფარგლებში?

60964449e7ecc
BM.GE
08.05.21 12:00
858
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ქუთაისის, ამბროლაურისა და ზუგდიდის შემდეგ ოზურგეთში გაიმართა.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განვიხილეთ სოციალურ-ეკონომიკური განახლების, ახალი შესაძლებლობების გაჩენის, რეკრეაციული, საპარკო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კომისიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ის პირველი ეტაპის აუცილებელი მდებარეობები, რომლებიც უნდა განვითარდეს ურბანულად. ამ ადგილების განვითარება გაზრდის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს, რითაც დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე - ვიზიტორები“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირდება, ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება გადაწყდა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

გურიის შემდეგ კომისიის სხდომა აჭარაში, მომდევნო კვირიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ - ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.