მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვთ ლურჯი მოცვის მწარმოებლებს - "ვანრიკ აგროს" ახალი მფლობელი

5f033abf88f63
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.20 19:23
1288
"ვანრიკ აგროს" მოცვის ბაღები კომპანია "ეფკომ", რომელიც პლანტაციებს 2019 წლიდან უვლის, 12 339 817 ლარად შეიძინა.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის რატი მორჩილაძის განცხადებით, კომპანია "ვანრიკ აგროთი" დაინტერესების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე წლიდან წლამდე ლურჯ მოცვზე მოთხოვნის ზრდა იყო. მიუხედავად ამისა, "ეფკოს" თანადამფუძნებელი 1-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე BM.GE-სთან იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ექმნებათ.

"სექტორის გამოწვევებს რაც შეეხება, ეს არის ტექნოლოგიის და აგრონომიის მიმართულებით თანამედროვე პრაქტიკის და ცოდნის ნაკლებობა. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ მოცვის კულტურას, მაგრამ ეს რამდენიმე ადამიანი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოცვის ხარისხი იყოს მაღალი. მთავარი გამოწვევა ამ სექტორში სწორედ ეს არის", - ამბობს რატი მორჩილაძე.

მისი თქმით, გარკვეული გამოწვევები მწარმოებლებს ექსპორტის მიმართულებითაც ექმნებათ, რაც კორონავირუსის პირობებში უფრო გამძაფრდა.

"საექსპორტო მიმართულებით გამოწვევა ლოგისტიკის ნაწილში გვექმნება, რაც კორონავირუსის პირობებში კიდევ უფრო მეტად გართულდა, გადაზიდვებთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვინაიდან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის კვეთა უწევს პროდუქტს ტრანსპორტირებისას, რაც დროში იწელება და მოცვისთვის ეს არის კარგი", - ამბობს "ეფკოს" თანადამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, წელს მოცვის პლანტაციების მსხმოიარობა დამაკმაყოფილებელია და კომპანია 120 ტონა მოცვის მოსავალს ელოდება, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე უნდა გავიდეს. რატი მორჩილაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ადგილობრივი ბაზარი რეალიზაციისთვის მათთვის მიმზიდველი არ არის და მასზე აქცენტირებას არ აკეთებენ.

"ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იმხელა არ არის, რომ ჩვენთვის ფინანსურად გამართლებული იყოს. როდესაც გვაქვს ისეთი საექსპორტო ბაზრები, როგორიც არის რუსეთი, გალფის ქვეყნები და სულ მალე ევროპაც დაემატება, ჩვენთვის უფრო მისაღები ექსპორტის მიმართულებით მუშაობაა, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივ ბაზარზეც გავაკეთოთ აქცენტი და აქაც ვიმუშავოთ", - აცხადებს რატი მორჩილაძე.

კომპანია "ეფკო" საპარტნიორო ფონდის კუთვნილ მოცვის პლანტაციებს 1 წელზე მეტია რაც მართავს. როგორც რატი მორჩილაძე ამბობს, კომპანიას ამ მიმართულებით მანამდე გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ეს სფერო მათთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

"ბოლო ერთი წელი ჩვენ ეს პლანტაცია იჯარით გვქონდა აღებული და იჯარის ხელშეკრულების მიხედვით არ გვქონდა უფლება, რაიმე კაპიტალური დანახარჯი გაგვეწია, ასე რომ ჩვენი ინვესტიცია იყო მხოლოდ საოპეარციო ხარჯები, რაც ბაღის მოვლა-პატრონობას გულისხმობს და რისთვისაც ერთი სრული ციკლის განმავლობაში დაახლოებით 500 000 ლარის ფინანსური რესურსი ჩავდეთ. ახლა როდესაც ეს აქტივები ჩვენს საკუთრებაშია, ჩვენ ვაპირებთ კაპიტალური დანახარჯების განხორციელებას იმისთვის, რომ პლანტაცია განვითარდეს", - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა.