მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვთ მცირე მეწარმეებს? - „საინის“ დამფუძნებელის შეფასება

5f06ce7870ee6
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.20 15:16
1284
კვალიფიციური კადრების სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - ეს ის ორი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები საქმის წამოწყებისა და განვითარებისას აწყდებიან, - ამის შესახებ BM.GE-ს ქართული ასო-ნიშნების გამოყენებით უნიკალური ჭურჭლის, აქსესუარებისა და სუვენირების მწარმოებელი კომპანია „საინის“ დამფუძნებელმა ნინო სლეპჩენკომ განუცხადა.

„ჩვენს სფეროში საკმაოდ რთულია პროფესიონალი სპეციალისტების მოძიება. ჩემი აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი იმ პროფესიული სასწავლებლების გაუქმებაა, რომლებიც შესაბამის დარგებში არსებობდა“, - აღნიშნავს „საინის“ დამფუძნებელი.

მეორე სირთულე, რასთანაც გამკლავება უწევთ დამწყებ ბიზნესებს ნინო სლეპჩენკოს შეფასებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

„საქართველოში დამწყებ ბიზნესს დაფინანსების ძიებისას სირთულეები ხვდება. ბანკების მხრიდან ნდობა დაბალია, საპროცენტო განაკვეთი კი, მაღალი. შესაბამისად ახალი ბიზნესისითვის თანხის სესხება ბანკისგან რთული და უკიდურესად სარისკოა.

განსაკუთრებული სირთულეები ექმნება ისეთ ბიზნესს, რომლის მოღვაწეობის სფერო კულტურას ან სახელოვნებო საქმეს ეხება“, - ამბობს ის.

ადგილობრივი კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია.

"საჭიროა არსებობდეს კანონი, რომელიც პირველ ტრიმესტრში მეწარმეს გადასახადებისგან გაათავისუფლებს და ბიზნესის გამართვის საშუალებას მისცემს. სწორედ ადგილობრივი ბიზნესის და წარმოების ხელშეწყობა აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და უფრო სწრაფი განვითარებისკენ მიჰყავს ქვეყანა.

ასევე აუცილებელია, საექსპორტო პირობების გამარტივება, დაფინანსების მიღების პროცესის გაადვილება და დაფინანსების მოცულობის გაზრდა“, - უთხრა BM.GE-ს „საინის“ ხელმძღვანელმა.



ნინო სლეპჩენკო პროფესიული კადრების კუთხით არსებულ გამოწვევაზე და ამ მხრივ სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე საუბრისას, განვითარებული ქვეყნების მაგალითს იშველიებს და ამბობს: „სახლემწიფოს შეუძლია პროფესიული განათლება გახადოს ხელმისაწვდომი და განავითაროს როგორც სახელოვნებო, ასევე სახელობო დარგები. გადაამზადოს ადამიანები და დაასაქმოს ისინი.

გადავხედოთ ფინეთს, დანიას, შვედეთს, ჩეხეთს, დიდ ბრიტანეთს - იქ განათლება პირდაპირ კავშირშია შემდგომ ადამიანების დასაქმებასთან. სახელმწიფოსთვის უფრო ადვილია დაასაქმოს ამა თუ იმ დარგის პროფესიონალი. შესაბამისად, როდესაც პროფესიონალების მოძიება პრობლემა არ არის, უფრო მარტივად იხსნება ახალი საწარმოები და პატარ-პატარა სტარტაპები. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად ირლანდია, ისლანდია და შვედეთი სტარტაპების ჩამოყალიბებასა და ბიზნესის ხელშეწყობაში ლიდერები არიან, ამიტომ მათ გამოცდილებას აუცილებლად უნდა გავეცნოთ და სახელმწიფო დონეზე გავიზიაროთ”, - აღნიშნა „საინის“ დამფუძნებელმა ნინო სლეპჩენკომ.