მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ხვდება ბაზარზე ვეგეტარიანულ რესტორან "გობის"?

5e6519ed378cc
ნუცა ბაზლიძე
08.03.20 20:06
1094
ვეგეტარიანული რესტორანი „გობი“, რომელიც მომხმარებლებს ქართულ და აღმოსავლურ კერძებს სთავაზობს, ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ვეგეტარიანული მენიუ შესაძლოა საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს.

როგორც „გობის“ თანადამფუძნებელი ნატო ყვავილაშვილი განმარტავს, ვეგეტარიანული მიმართულება, ერთი მხრივ შემზღუდველია, თუმცა მსგავსი კონცეფცია დამფუძნებელთა პრინციპული ნაბიჯია.

„ხანდახან ჩვენთან შემოსული ადამიანები აღნიშნავენ, რომ საკვები ხორცის გარეშე არ სურთ და წასვლას აპირებენ. ჩვენ ვთავაზობთ გასინჯვას და როგორც წესი, კმაყოფილები რჩებიან“, - აღნიშნავს ნატო ყვავილაშვილი.

ამასთან, „გობის“ კონცეფციისთვის დამახასიათებელ მიმართულებას ქართული კერძების ახალი ვარიაციების შექმნა წარმოადგენს, რაც, ძირითადად, სწრაფი კვების სპეციფიკას ითვალისწინებს. მაგალითად, „გობიში“ შეხვდებით ელარჯის ბურთებს, რომლებიც ე.წ Street food-ის სტანდარტითაა წარმოდგენილი.

კიდევ ერთი სირთულე, რომელზეც ნატო ყვავილაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ფინანსური საკითხია. როგორც „გობის“ თანადამფუძნებელი განმარტავს, საწყის ეტაპზე, რესტორნის გასახსნელად, ინვესტიცია პირადი სახსრებით განხორციელდა. განვითარების პერიოდში კი მათ სტარტაპერებისთვის განკუთვნილი, “თიბისი ბანკის“ სესხი დაეხმარა. როგორც ნატო ყვავილაშვილი განმარტავს, სამომავლო გეგმების განსახორციელებლად, კვლავ საჭიროა ფინანსური რესურსი, ვინაიდან, სამომავლოდ, „გობიში“ მენიუს გამრავალფეროვნებაა დაგეგმილი. ამასთან, რესტორნის თანადამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაზარზე „გობის“ დამატებითი ფილიალებიც გამოჩნდეს.

ამჟამად, რესტორანი იაკობ ნიკოლაძის 4 ნომერშია წარმოდგენილი. ასევე, რესტორნის პროდუქციის მიღება „გლოვოსა“ და „ვოლტის“ გამოძახების სერვისებითაცაა შესაძლებელი.

ცნობისთვის: „გობი“ 1 წელი და 3 თვეა, რაც გახსნილია. რესტორანს 2 თანადამფუძნებელი ჰყავს, რომელთა გარდა, რესტორანში კიდევ 5 ადამიანია დასაქმებული.

როგორც „გობის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ისინი ცდილობენ პროდუქციის ღირებულება მეტ-ნაკლებად საშუალო ნიშნულზე შეინარჩუნონ.