25.დეკემბერი .2019 21:00

რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიები? - რესტორატორთა ასოციაციის შეფასება

views 560
უკან

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან საუბრისას 2019 წელი ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ამოქმედებულ სანქციებს ტურიზმის სტატისტიკაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„მიუხედავად იმისა, რომ რიგი ობიექტური მიზეზების გამო, წელს რუსი ტურისტების დანაკლისი გვქონდა, გარკვეულწილად შემოსავლითაც ციფრებში ეს უფრო მეტი იყო. აქედან გამომდინარე დადებითად უნდა შეფასდეს ეს წელიწადი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

BM.GE-ს კითხვაზე რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს კერძო სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი თვლის რომ ბიზნესი მზად არ არის იმ მოთხოვნისთვის, რა მოთხოვნაცაა ტურიზმის სფეროში. შოთა ბურჯანაძე ამის მიზეზად სფეროში განათლების დაბალ დონეს ასახელებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობაა აუცილებელი.

„ჩვენ, გარკვეული ბიზნესსფეროები არ ვართ მზად იმ რეალობისთვის, რა რეალობასთანაც გვიწევს გამკლავება. კონკრეტულად, მაგალითად, იმდენი ტურისტის მიღება, იმ სერვისის მიწოდება და იმ შესაძლებლობების გაცემა, რა მოთხოვნაცაა, ამისთვის ბიზნესი მზად არ არის.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უსწავლელად შეგვიძლია ყველაფერის კეთება, რეალურად ეს ასე არ არის, ჩვენ სასწავლი გვაქვს ბევრი რამ. რიგ ქვეყნებს თუ შევხედავთ, მომსახურების ეს სფერო ტრენინგებიდან დაწყებული სახელმწიფო ჩარევებით დასრულებული იზრდებოდა. ის, რაც დღეს ჩამოსული ტურისტისთვის არის მოთხოვნადი, მიღწეულ უნდა იყოს მუშაობითა და განათლებით. ამას სჭირდება დრო.

ჩვენთან, როდესაც ადამიანი წარმატებას არ აღწევს, ამაში მუდმივად სხვას ადანაშაულებს და თავის თავს არასდროს ეკითხება - მე ხომ არ შემეშალა რამეო. თვითკრიტიკულობა დღეს პრობლემაა. თუ ამ ჭრილში შევხედავთ ჩვენს მოღვაწეობას, უფრო მეტის შესაძლებობას მივცემთ ჩვენს თავს“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

BM.GE-სთან საუბრისას შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ წინა წლებში ბიზნესი ნაკლებად იყო მომზადებული იმ რაოდენობის ტურისტებისთვის, რაც რეალურად შემოვიდა, თუმცა ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდება მომსახურების ხარისხიც.

„ყოველწლიურად მზადება უფრო დადებით კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. წელს უკვე როდესაც ადამიანი ტურისტული სეზონისთვის არა სექტემბერში, არამედ იანვარში იწყებს მზადებას, როგორც ეს წინა წლებში იყო, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული, გიდების გადამზადების, სასტუმროებისა თუ რესტორნების განვითარების თუ ა.შ. კუთხით. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი ამ კუთხით უკეთეს შედეგს დადებს არა მხოლოდ თვითგანვითარებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის“, - განუცხადა BM.GE-ს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა