16.აგვისტო .2019 21:00

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

views 351
უკან

ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით, მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით კი 27%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, მეხუზლა ვარაუდობს, რომ ყურძნის ჩაბარების ფასი წელს დაბალი იქნება და რთველის პროცესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგება.

„რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი შესაძლო სანქციების დაწესებამ, გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან, ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შეიძლება იყოს ნაკლები“-განმარტა მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს აზრს იზიარებს ღვინის კომპანიების ნაწილიც. მათი თქმით, წელს სავარაუდოდ ნაკლებ ყურძენს ის კომპანიები ჩაიბარებენ, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და აქვთ ნეგატური მოლოდინი.

„არსებობს რისკები, რომ დღეს თუ არა ხვალ იქნება ემბარგო და კომპანიები, რომელთაც გათვლილი ჰქონდათ, რომ უნდა გაეყიდათ გარკვეული რაოდენობის ღვინო, შესაბამისად, ექნებათ გარკვეული ეჭვები, რომ მას ვეღარ გაყიდიან და ყურძნის იმ რაოდენობას ჩაიბარებენ, რომლის სხვა ბაზარზე გაყიდვის საშუალებაც აქვთ. ამას სხვა კომპანია არ გააკეთებს, ამას გააკეთებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული კომპანიები.

ღვინის ფასიც შესაბამისად დაიკლებს, რომ ამ კომპანიების ღვინო შევიდეს სხვა ქვეყნების ბაზრებზე“-აცხადებს bm.ge-თან გიორგი ნათენაძე, კომპანია „
ვარძიის ტერასების“ დამფუძნებელი.

მეღვინე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების მიზეზადაც იმ ნეგატიურ მოლოდინებს ასახელებს, რაც შეიძლება კომპანიებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებამ შეუქმნას.

„ჩვენი კომპანია ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ჩვენი საექსპორტო ბაზრებიდან რუსული ბაზრის წილი მხოლოდ 5-6%-ია.

ყურძნის შესყიდვის ჩვენი გეგმა არ შეიცვლება, სავარაუდოდ ეს პროცესი შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც დიდად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე.

ლოგიკურია თუ ღვინო გაუყიდავი გაქვს აღარ დაიმატებ, ხარჯს აღარ გაზრდი. თუ მოთხოვნა შემცირდა, შესყიდვაც შემცირდება.

ისტორია გვაჩვენებს, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი ბაზარია. ძველი ანდაზაა, რომ “ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყო”- ეს ნიშნავს, რომ შენი აქტივები უნდა განათავსო სხვადასხვა ბაზარზე, რათა ერთის უარყოფითი ტრენდის შემთხვევაში, საშუალება გქონდეს რაღაცით კომპენსაცია გააკეთო. იგივე ეხება ღვინის ბაზარსაც, რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება გაყიდვები, მით მეტად დაცული ხარ,“-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი, „თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რთველისთვის მზადების პროცესი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაიწყო.

„წელს ველოდებით 200-დან 250 ტონამდე ყურძნის მოსავალს და მოთხოვნა სავარაუდოდ დაბალი იქნება“-ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა