მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებს ქმნის ახალი რეგულაციები მძიმე მრეწველობის კომპანიებისთვის? - მარიანა მორგოშია

647601a0ec559
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 01:00
569
ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ევროდირექტივით აღებული ვალდებულებების შესაბამისად მძიმე მრეწველობის ინდუსტრიას ეტაპობრივად გარემოსდაცვის მიმართულებით ოპერირების სტანდარტების გაუმჯობესება და ამისთვის გარკვეული ინვესტიციების განხორციელება უწევს.

საუბარია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე, სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმზე და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტზე.

რამდენად მარტივია ბიზნესისთვის ახალი სტანდარტებზე მორგება და ადაპტირება მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა მარიანა მორგოშიამ BMG tv-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.

ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ადგილობრივი წარმოებებისთვის ახალ რეგულაციებთან მორგება აუცილებელი და ამავდროულად ხარჯიანია. ინვესტიციების განხორციელება კი ადგილობრივ ნაწარმს აძვირებს და მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.

„ერთი მხრივ ეს ევროდირექტივით აღებული ვალდებულებებია, მეორე მხრივ ძალიან დიდ ინვესტიციას საჭიროებს, რაც პროდუქციის ფასზე აისახება. ამგვარად კონკურენცია რთულდება, მით უფრო ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ისეთ პროდუქტთან უწვეთ კონკურენციის გაწევა, სადაც მწარმოებელ ქვეყნებში ასეთი რეგულაციები არ არის. მათთან წარმოება უფრო იაფი ჯდება და სატარიფო ბარიერებიც არ არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დაცვის მექანიზმების არსებობა. გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ჭრილში პასუხისმგებლიან ბიზნესს ესმის, რომ ამ ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია, ისევე როგორც აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობას დავუახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა. თუმცა ამასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უნდა გვქონდეს დამცავი მექანიზმები, თორემ ადგილობრივ წარმოებას კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

მისი ინფორმაციით, სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური მექანიზმი 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე მოსარგებად კომპანიებს 1 წელი სჭირდებათ. ამიტომ მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს.

„ამ მექანიზმით საწარმოები, რომლებიც თავისი ფუქნციონირების პროცესში გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენენ, ამ ზეგავლენის აღმოფხვრის ვალდებულებას აიღებენ და ამის უზრუნველყოფად მათ წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ ან საბანკო გარანტია ან რისკის დაზღვევის მექანიზმი, რომელიც ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტია, ამიტომ ბიზნეს სჭირდება დრო, რომ სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება ნახოს და უფრო მზად შეხვდეს ამ რეგულაციას. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, ეს პროდუქტი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად ბაზარს დროულად მიაწოდოს, მათაც აქვთ კითხვები და აუცილებელია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ბიზნესიც მომზადებული შეხვდეს ცვლილებებს. ვადებს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა პროცესების გარკვევას დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება“, - ამბობს მარიანა მორგოშია.

კიდევ ერთი რეგულაცია, რომელზეც გადაცემა "წერტილში" მარიანა მორგოშიამ ისაუბრა სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტს შეეხებოდა, რომლის ამოქმედება ახალი საწარმოებისთვის 2026 წლიდან, არსებული საწარმოებისთვის კი 2029 წლიდან იგეგმება.

„ახალ საწარმოებს 2026 წლიდან ახალი ინტეგრირებული ნებართვის აღება მოუწევთ, რასაც ახალი საწარმოებისთვის კანონმდებლობა აყენებს. არსებულ საწარმოებს უკვე პროცესები აწყობილი აქვთ და დიდი ინვესტიციები აქვთ განხორციელებული, ამიტომ მათ პროცესების რადიკალური შეცვლა მოუწევთ. ამ კანონპროექტის შინაარსი ისაა, რომ უნდა იდენტიფიცირდეს მაღალი რისკის შემცველი მიმართულებები და სექტორები, მათ შორის იდენტიფიცირებულია მეტალურგია, თბოსადგურები, ქიმიური მრეწველობა - მათთვის პრევენციული მექანიზმების დანერგვა, რომ გარემოს დაბინძურება არ მოხდეს, მათ შორის ჰაერის, ნიადაგის და წყლის. ეს მექანიზმები არსებული საწარმოებისთვის საკმაოდ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და ამიტომ უფრო ხანგრძლივი ვადაა მიცემული“, - აღნიშნა მორგოშიამ, თუმცა განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვერ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ დათვლილი არ არის. მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებულ საწარმოებთან აქტიური კომუნიკაცია ჯერ არ დაწყებულა.