მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს ახალგაზრდებში დასაქმების დაბალ მაჩვენებელს?

6388792812ead
მარიამ ვარადაშვილი
01.12.22 15:12
1054
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში ახალგაზრდების ჩართულობა შრომის ბაზარზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა და დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ამასთან, ამ პერიოდში ახალგაზრდების სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა.

ორგანიზაციამ 2017-2021 წლებში ახალგაზრდების [15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფი] დასაქმების მაჩვენებლები შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ახალგაზრდების წილი სამუშაო ძალაში ყველაზე დაბალი 2021 წელს (8.5%) იყო, რაც 4.1 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება 2017 წლის მაჩვენებელს.

“მიუხედავად იმისა, რომ 2017-2019 წლებში უმუშევრობა საქართველოში 4 პპ-ით შემცირდა, უმუშევრობა ახალგაზრდებში სტაბილურად იზრდებოდა. ასევე, წინა წლებთან შედარებით, ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს (+11 პპ) და 2021 წელს (+4 პპ). ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის სწრაფი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები, რაც მათ შედარებით დაუცველს ხდის პანდემიასა და მის გამო გამოწვეული რეგულაციების მიმართ. ამასთანავე, ახალგაზრდები, ზრდასრულებთან შედარებით, როგორც წესი, უფრო ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს. ეს შესაძლოა, დამატებითი მიზეზი იყოს ახალგაზრდების უმუშევრობის შედარებით მაღალი დონისა”,-წერია კვლევაში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ამ კატეგორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნახევარ განაკვეთზე დასაქმების მაჩვენებელიც. 2017-2021 წლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შორის სრულ განაკვეთზე დასაქმებულების წილი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული ახალგაზრდების წილს. საანგარიშო პერიოდში ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული ახალგაზრდების წილი საშუალოდ იყო 16.6%, ხოლო 2020-2021 წლებში - 9.8%. 

“2021 წელს საქართველოში ახალგაზრდებს შორის ნახევარ განაკვეთზე დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელთან (31.9%) შედარებით სამჯერ ნაკლები იყო. ამასათანავე, 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 15-24 ასაკობრივ ჯგუფში დასაქმების მაჩვენებელი იყო 32.7%, ხოლო საქართველოში - 18%. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ შრომის ბაზარზე არ იქმნება შესაბამისი რაოდენობით ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილები. აგრეთვე, ნახევარგანაკვეთიან სამუშაო ადგილებზე, შესაძლოა, იყოს არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები და შესაბამისად, ასეთ სამსახურებში ახალგაზრდებს არ უღირთ დასაქმება”,-წერია კვლევაში.

რაც შეეხება ახალგაზრდების დასაქმების სექტორებს, 2017-2019 წლებში, 15-24 ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების უმეტესობა (საშუალოდ 37.4%) „სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში“ იყო დასაქმებული, რასაც მოჰყვებოდა „საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2020 წელს ახალგაზრდების წილი, რომლებიც „სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში“ მუშაობდნენ კვლავ ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა 2021 წელს ყველაზე მეტი ახალგაზრდა (21.7%) „საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტში იყო დასაქმებული.

“აღსანიშნავია ისიც, რომ 15-24 ასაკობრივ ჯგუფში NEET (ის ჯგუფები, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს) მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ხოლო ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. შრომის ბაზარზე ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამუშაო ძალაში დამკვიდრების სირთულით და ნახევარ განაკვეთზე დასაქმების დაბალი შესაძლებლობებით. აგრეთვე, როგორც ცნობილია, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული სამსახურები დაბალანაზღაურებადია და არადამაკმაყოფილებელი პირობებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ შრომის ბაზარზე”,-აცხადებენ PMC-ში.