მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს მშენებლობაში იმპორტდამოკიდებულებას? – Element Holding-ის შეფასება

6422e4cbb1ed2
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.23 17:09
1319
Galt & Taggart-ის სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა სარემონტო მასალები, ტექნიკა და ავეჯი იმპორტდამოკიდებულია. საერთო ჯამში $3.4 მლრდ-იანი ინდუსტრიიდან ადგილობრივი წარმოება 36.1%, შესაბამისად 63.9% იმპორტზე მოდის. მათივე მონაცემებით, ადგილობრივ წარმოებაში ყველაზე დიდი წილი 67.6% სამშენებლო მასალებს აქვს, შესაბამისად იმპორტზე 32.4% მოდის. სარემონტო მასალები სექტორის ზომა 1.5 მლრდ დოლარი - აქედან 17.9 % ადგილობრივი ნაწარმია, ხოლო იმპორტირებული - 82.1%-ია; საოჯახო ტექნიკის სექტორი ზომა 0.3 მლრდ დოლარია, აქედან ადგილობრივი წარმოება 4.8%, იმპორტი კი 95.2%-ია; ავეჯი-განათების ბაზრის ზომა კი 0.3 მლრდ დოლარია, სადაც 27% ადგილობრივი წარმოება, ხოლო 73% იმპორტს უკავია;

სამშენებლო სექტორში იმპორტდამოკიდებულების საკითხზე გადაცემა #რედაქტ2-ში „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, „ელემენტ ჰოლდინგის“ შემთხვევაში იმპორტირებულ საქონელს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებსა თუ სერვისის მიწოდებაში, დაახლოებით 50-60% უკავია. ზაქრო ებელაშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რაც ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

„ერთ-ერთი ფაქტორი ადგილობრივი ნედლეულის არქონაა. სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოებები აქტიურად იყენებენ იმპორტირებულ მასალებს, შესაბამისად, მათ იმ ფასის დასმა უწევთ, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტს დიდ კონკურენციას ვერ უწევს. ხშირად ვაწყდებით პრობლემებს ხარისხის ნაწილშიც. ხშირია შემთხვევა, როდესაც დამკვეთები მიგვითითებენ თუ რომელი ხარისხით უნდა იყოს შესრულებული სამუშაოები, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს სამუშაოების წარმოებისას იმპორტირებული პროდუქტის გამოყენება გვიწევს და არა ადგილობრივი მასალების“, - ამბობს „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ზაქრო ებელაშვილი აღნიშნავს, რომ იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად ადგილობრივი წარმოების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მას მაგალითად წებოცემენტის ქარხანა მოჰყავს, რომელიც ჰოლდინგში ერთიანდება და აცხადებს, რომ ამ საქონელს იმპორტის დიდწილად ჩანაცვლება შეუძლია.

„იმპორტდამოკიდებულების შემცირების მიზნით ადგილობრივი პროდუქტების წარმოებისას სახელმწიფოს ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. „აწარმოე საქართველო“ თავისი პროექტებით ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული. ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს მათი მხარდაჭერით განხორციელებული. ეს არის მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულა კონსთრაქშენი“, რომელიც წებოცემენტის წარმოებითაა დაკავებული. ეს ის პროდუქტია, რომელსაც იმპორტის სრულად თუ არა 90%-ით ჩანაცვლების რესურსი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ წებოცემენტის წარმოებაში იმპორტირებული მინარევები ადგილობრივთან 10/90-ზეა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონკურენციის გაწევა თუნდაც თურქულ ან სხვა ქვეყნის პროდუქტებთან, როგორც ხარისხით, ასევე ფასით“, - ამბობს ებელაშვილი და დასძენს, რომ „ფორმულა კონსთრაქშენის“ წარმოებული წებოცემენტი ჰოლდინგის მოთხოვნის გარდა, ბაზარზე არსებულ მსხვილ დეველოპერულ კომპანიებზე იყიდება.