მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარანტიაა, რომ თქვენი სანათესაო ისევ არ დაფაცურდება? - ელისაშვილი ღარიბაშვილს

6033b661396ff
ინგა მურუსიძე
22.02.21 18:03
781
"რა გარანტია გვაქვს, რომ ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება თქვენი სანათესაო და ისევ კორუფციაში არ ჩაერთვებიან?" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ალეკო ელისაშილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს.

ელისაშვილმა მომავალ პრემიერს შეახსენა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ღარიბაშვილის ნათესავებზე.

„რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა - მე ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო, შემდეგ თქვენ დაადასტურეთ ეს და თქვით, რომ გარჩევები გქონდათ ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი, ახლა თქვენთან სახლშიც კი ვერ მოდის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს?
იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ე.წ. „კახური კლანი“, როგორც მედიაში მოინათლნენ და იყვნენ თუ არა ჩართული კორუფციულ სქემებში? თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, რამდენად ადეკვატურია, რომ მხოლოდ სახლში არ უშვებთ ამ ხალხს? იქნებ სისხლის სამართლით უნდა ეგოთ პასუხი. ან რა გარანტია გვაქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი იტყოდა, ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება ის ხალხი და თქვენგან მხოლოდ საყვედურს მიიღებენ“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

მან პრემიერობის კანდიდატს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის განხორციელებისკენაც მოუწოდა და იმ სიღარიბეს გაუსვა ხაზი, რომელიც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა ქვეყანაში.

„ვიდრე თქვენ ოპონენტების რადარებიდან გაქრობით ხართ დაკავებული, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში საქართველო ნადგურდება და ღატაკდება? ბოლოს როდის ელაპარაკეთ ხალხს? ნავთლუღის ბაზარში თუ ყოფილხართ? იქნებ კავშირი გაგიწყდათ ხალხთან და არ იცით, რომ ლუკმა-პური ენატრება ხალხს. გაფაციცებით გისმენთ მთელი დღეა და ზრდილობის გულისთვისაც კი არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსმა ღატაკი ადამიანების რიცხვი გააორმაგა. გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილმა პენსიონერების და ვეტერანების დაბალ შემოსავლებზე და მაღალ საპროცენტო, საბანკო განაკვეთებზე ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც ყველა დეპუტატი დასვამს კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილი მათ კითხვებს უპასუხებს.