მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოზე?

60deed3a96aa5
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.21 23:40
844
დღეს TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ახალი პროგნოზები წარადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ერთი დოლარის ღირებულება 3-3.3 ლარის ფარგლებში იქნება, ერთი ევროს ღირებულება კი 3.69-3.86 ლარის ფარგლებშია პროგნოზირებული. “თიბისის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განმარტებით, ლარის გაუფასურებაზე მოქმედ ფაქტორთა შორის აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის პროგნოზირებულზე სწრაფი გამკაცრება შეიძლება ჩაითვალოს.

ოთარ ნადარაიას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED)
აშშ-ში გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, მონეტარულ პოლიტიკას პროგნოზირებულზე სწრაფად გაამკაცრებს, ამ ნაბიჯს გლობალური ეფექტი ექნება და ის შეიძლება საქართველოზეც აისახოს. დოლარის რესურსის გაძვირება თავის მხრივ ენერგომატარებლების ფასსა და ინვესტორთა მოლოდინებზე აისახება.

“აშშ-ში ინფლაციის ზრდა, FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს. დოლარის განაკვეთის გაზრდას და დოლარის გამყარებას რაც შეიძლება მოჰყვეს, არის სასაქონლო ფასების შემცირება. ეს წინააღმდეგობრივად ჟღერს, მაგრამ თუ შევხედავთ ნავთობის ფასს, რომელიც დოლარში იზომება, სინამდვილეში ის დოლარში არ არის ისეთი სტაბილური, როგორიც არის ევროში, რადგან როგორც კი დოლარის ფასი მყარდება, ნავთობის ფასი ეცემა, ეს ყოველთვის ასე არ ხდება, თუმცა ისტორიული კავშირი ასეთია. ასევე მნიშვნელოვანია დოლარის შემოსავლიანობა. ამ მხრივ უყურებენ 10-წლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის განაკვეთს, უტრირებაა, მაგრამ როდესაც ის მაღალია რაც არ უნდა ამონაგები იყოს განვითარებად ქვეყნებში მიაქვთ და იქ დებენ ინვესტორები ფულს. საქართველოზე გავლენას რაც შეეხება, ეს რისკი არის,”- განმარტავს ოთარ ნადარაია.

2021 წლის მაისში აშშ-ში ინფლაცია ბოლო 13 წლის მაქსიმუმამდე, 5%-მდე გაიზარდა.

ამჟამად FED-ის პოლიტიკის განაკვეთი 0-0.25%-ია. აშშ-მა პანდემიის დაწყებისას, 2020 წლის მარტში ეკონომიკის სტიმულირებისთვის პოლიტიკის განაკვეთი 1-1.25%-დან მთელი 1 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ეკონომიკური შოკის ეფექტის შერბილების შემდეგ FED-ი ამ განაკვეთს ეტაპობრივად გაზრდის.