მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება "ლოპოტა ჰესს" გარემოზე? - ინვესტორის განმარტებები

61aa0dcec7670
დავით ჯალაღონია
03.12.21 21:07
1943
"ლოპოტა ჰესის" (ლოპოტა - 1 ჰესი) მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ინვესტორ კომპანია "ართანა ლოპოტას" შორის შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, რამდენიმე დღეში იგეგმება.

ამ შეხვედრის აუცილებლობა დღის წესრიგში 30 ნოემბერს დადგა, როცა კომპანიამ ჰესის განთავსების ადგილზე სამშენებლო მასალები შეიტანა, შემდეგ კი, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაო ჯგუფები ტერიტორიიდან გაიყვანა. ადგილობრივების წინააღმდეგობის მიზეზი, როგორც თავად განმარტავენ, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხებია, რაც გეოლოგიას, ჰიდროლოგიას და სხვა სახის კვლევებზე მოთხოვნებს უკავშირდება.

ამ საკითხების განსახილველად BMG "ლოპოტა ჰესის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელს ბიძინა იმნაძეს დაუკავშირდა.

პრობლემები მოსახლეობასთან კომუნიკაციაში

"ლოპოტა ჰესის" პროექტის მენეჯერი ადგილობრივ მოსახლეობასთან წარუმატებელ კომუნიკაციას ერთი კონკრეტული ჯგუფის მიზანმიმართული ქმედებებით ხსნის. მისი განმარტებით, გასული ორი წლის განმავლობაში, სოფელ ლაფანყურში პროექტის მოწინააღმდეგე მხარესთან არაერთი შეხვედრა შედგა, თუმცა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა პრობლემურ საკითხებზე განმარტებები არ გაიზიარეს და არც თანასოფლელებამდე მიიტანეს.

"მართალია, ორი წლის წინაც შეიქმნა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ მაშინ ასეთი ურთიერთობის, თუ ამ პროცესების გამოცდილება არ გვქონდა. რაც მას მერე ვისწავლეთ და გამოვლინდა არის ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვურთიერთობთ პირდაპირ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჯამში გამოდის, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა მონოპოლიზებული აქვს ხალხის ძალიან მცირე გუნდს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, ფართო მოსახლეობას ვერ დაველაპარაკოთ. ბევრი შეხვედრა გვქონდა და ყველგან მოდის ხალხის ერთი და იგივე გუნდი, რომელიც შემდეგ თავისებურად ფუთავს ინფორმაციას, რომელსაც ვაძლევთ, თავისებურად თარგმნის და მასიურად ავრცელებს დეზინფორმაციას პროექტის შესახებ.

წერილობითაც შეაჯამეს მათ, რატომ ეწინააღმდეგებიან პროექტს, რაზეც ჩვენ დეტალური პასუხი გავეცით, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ეს პასუხი ფართო მოსახლეობამდე არ მიდის. მაგალითად, ერთ-ერთი არგუმენტი რაც მათ აქვთ, არის ის, რომ რეზერვუარი გასკდება და ტალღა თელავს დაარტყამს. საქმე იმაშია, რომ რეზერვუარი ამ ჰესს არ აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, პერმანენტულად ხდება ამ გუნდის მიერ ამ საკითხის განვითარება.

თავის დროზე გვეგონა, რომ ხალხის ეს ჯგუფი კეთილსინდისიერია, ინფორმაციას ვაწვდიდით, მაგრამ შემდეგ გამოდის, რომ ეს ინფორმაცია სოფელში მიწოდებული ან საერთოდ არ არის, ან მიწოდებულია სულ სხვა, არასწორი ფორმით.

საკმაოდ კარგად მართული და გამოცდილი ხალხი უდგას ამ პროცესს. მათ პიარსა და მოსახლეობასთან ურთიერთობაში გამოცდილება აქვთ, მტკივნეულ საკითხებს ეძებენ და მერე ამაზე აკეთებენ აქცენტს. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაინგრეოდა. აბსურდები წერია მათ წერილში. ის ძეგლები, რომლებიც თავად უნდა იცოდნენ, რომ სხვაგან არის, ლაფანყურთან, ჩვენს სამშენებლო დერეფანთან მოშორებულია. წერილში ნათქვამია, რომ ყველაფერი თავმოყრილია ერთ წერტილში, სადაც უნდა აშენდეს სათავე ნაგებობები და მცირე გვირაბი. შემდეგ ამას მოჰყვება თეორია, რომ მშენებლობა ამ ძეგლებს დაანგრევს. ეს არის პრაქტიკულად ფსიქოლოგიური ომი - რა მიზეზით და რას ემსახურებიან, ამის თქმა ძალიან ძნელია. შეიძლება, თვითონაც არ იციან, რას ემსახურებიან, მაგრამ ეს არის მართული პროცესი, რომელიც აშკარად ჰგავს იმ წინა პროცესებს, რაც წელს მიმდინარეობდა სხვა პროექტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბიძინა იმნაძემ.

კითხვაზე, ამ გამოცდილების შემდეგ, ხომ არ აპირებს ინვესტორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შეცვლას და მაგალითად, კარდაკარის პრინციპის დანერგვას, "ართანა ლოპოტას" ხელმძღვანელი პასუხად ამბობს, რომ მათ “არ ეგონა, ასეთი ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია თუ გაიმართებოდა”.

"გარკვეულწილად კარგია კარდაკარ სიარული, მაგრამ ხმამაღალი და აქტიური, მაინც ეს ოპონენტების ჯგუფი რჩება", - აღნიშნა მან.

შეუწყდება თუ არა სოფელს წყალმომარაგება ჰესის აშენების შემთხვევაში?

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც თავად აქციების მსვლელობისას აცხადებენ, წყალმომარაგების შეწყვეტის საფრთხეა. როგორც ამ საკითხის განმარტებისას ბიძინა იმნაძე ამბობს, სათანადო კვლევები ჩატარებულია, რითაც დასტურდება, რომ სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება.

"რაც შეეხება კონკრეტულად სასმელ და სარწყავ წყალს, ჩვენ ჰესის შენობის განლაგება შერჩეული გვქონდა სოფლის წარმომადგენლებთან ერთად. კონკრეტული მოთხოვნა იყო, რომ ჰესის განლაგება ყოფილიყო ისეთი, რომ მილსადენიდან გამოსული წყალი სრულად მდინარის კალაპოტში დაბრუნებულიყო, სოფლის წყალმომარაგების სისტემის ზევით და მოთხოვნა იყო წერილობით, რომ დადებულიყო დამოუკიდებელი დასკვნა იმაზე, მოახდენდა თუ არა წყალმომარაგებაზე ეს ჰესი გავლენას. ჰესის განლაგების ადგილი რომ შეირჩა, პირველი რაც გავაკეთეთ, დამოუკიდებელი ექსპერტები მივიყვანეთ, მათ დადეს ეს დასკვნა, რაც სოფელში მივიტანეთ. შემდეგ ეს კვლევა ასევე ჩაატარა ნებართვის გაცემის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. იმის გამო, რომ პროექტის გარშემო აჟიოტაჟი იყო, სამინისტრომ მოითხოვა დამატებითი დრო ნებართვის გასაცემად, ადგილზე გასული იყო გუნდი, შედგა შეხვედრები სოფელთან. ეს ყველაფერი ასახულია წერილობით ბრძანებაში და კონკრეტულად წერია, რომ ეს პროექტი წყალმომარაგებაზე გავლენას არ ახდენს და ვერც მოახდენს, რადგან ჰესის შენობა სოფლიდან 2.5 კილომეტრშია.

ვინც იცის ჰესების ფუნქციონირების პრინციპი, ჯერ ერთი სანიტარული ხარჯი რჩება მდინარეში და გარდა ამისა, არის მდინარის რამდენიმე შენაკადი, რომლებიც მუდმივად აწვდიან წყალს, რასაც არ ვეხებით და შემდეგ, მილსადენიდან გამოსული წყალი - სრული დინება უბრუნდება მდინარის კალაპოტს და ფიზიკურად შეუძლებელია ამ ჰესმა სოფლის წყლით მომარაგებაზე გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, წყლის მზომები გვაქვს დაყენებული.

რიგით მოსახლეობას როცა ვხვდებით, დასმულა ეს კითხვა და აგვიხსნია და მაშინვე არის რეაქცია, აბა რას გერჩით, ასე რატომ გეჩხუბებითო. ანუ ეს ინფორმაციაც არ არის მიწოდებული. იმის მიუხედავად, რომ კვლევები ჩავატარეთ და მონაცემები გადავეცით, ამის გაზიარება თანასოფლელებთან არ ხდება", - განაცხადა ბიძინა იმნაძემ.

საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მან BMG-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება და დამოუკიდებელი ტექნიკოსების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება "ლოპოტა 1" ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ:


წყალმიმღების ფუნქციონირებაზე ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო ზეგავლენის შეფასება შპს "საქართველოს ტექნიკური ჯგუფის" მიერ. (ცნობისთვის: ინვესტორი, ამ შეფასებაში წარმოდგენილი მდინარეში წყლის დაბრუნების მეორე ვარიანტის განხორციელებას გეგმავს)



პროექტის გავლენა ხე-ტყეზე, მდინარეში წყლის დონესა და იქთიოფაუნაზე
 
ჰესის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროექტს გარკვეული გავლენა გარემოზე ექნება, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. კერძოდ, ბიძინა იმნაძის განცხადებით, ჰესი რეზერვუარის მშენებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად საფრთხე, რომ მიწისძვრის, ან მეწყრული პროცესების შედეგად რეზერვუარი გაირღვევა, არარეალურია. რაც შეეხება ხე-ტყის მასივს, პროექტის მენეჯერი აკონკრეტებს, რამდენი ძირი ხის მოჭრა იგეგმება და ამის საკომპენსაციოდ, რა სახის შემამსუბუქებელ ღონისძიებებს გეგმავს.

"ეს არის მოდინებითი ტიპის ჰესი. არანაირი რეზერვუარი არ აქვს. იმაზეც იყო საუბარი, რომ ხე-ტყე უნდა გავჩეხოთ და ა.შ. სინამდვილეში მილსადენი არსებულ გზას მოჰყვება. ჩვენს ტერიტორიაზე უკვე არის ანთროპოგენული გავლენა - იქ არის სასაზღვრო ზონა, მარმარილოს საბადო, ჩასხმულია უზარმაზარი ბეტონის ნაპირდამცავი ნაგებობა მდინარეში - ეს არ ხდება სადღაც უღრან ტყეში, გაუკაფავ ტერიტორიაზე. 4.5-კილომეტრიანი მილსადენის ნახევარი მოყვება არსებულ გზას და ნახევარი - კალაპოტს. კალაპოტში მილსადენი ფსკერის ქვევით იდება, შესაბამისად კალაპოტი არ ვიწროვდება. მდინარეზე გავლენა ის არის, რომ თავისთავად შემცირდება წყლის ნაკადი მილსადენის გაყოლებაზე, რაც ჰესის მუშაობის პრინციპია.

საშუალოდ, წელიწადში, კალაპოტში მდინარის დინების 30% დარჩება, რაც გარკვეულ გავლენას მოახდენს უპირველეს ყოვლისა, იქთიოფაუნაზე, თუმცა ორი სათავე ნაგებობაა და ორივეზე თევზსავალი იქნება დადგმული. ეს არის ძირითადი გავლენა - შემცირებული წყლის რაოდენობა და მეორეა ის, რომ მშენებლობის დროს მოხდება გარკვეული ხე-ტყის მოჭრა. კერძოდ, 1975 ძირი ხე არის მოქცეული სამშენებლო დერეფანში, რაც ჭრას ექვემდებარება. აქედან 110 თუ 120 ძირი წითელ ნუსხაშია შესული. შევეცდებით ჭრის მინიმიზაცია გავაკეთოთ, თუმცა სოფელ ლაფანყურსა და ნაფარეულს შორის არის ლაფნის კორომი - 28 ჰექტარი ტერიტორია, რომლის მოვლასა და შენახვაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, თუ ამის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცემა. შესაბამისად, ცხადია, როგორც ყველა ადამიანის საქმიანობა, იქნება ეს ჰესი, ტურიზმი, თუ სოფლის მეურნეობა, გარემოზე რაღაც ტიპის გავლენას ახდენს, თუმცა ეს რაღაც კატასტროფული სურათი რომ არის დახატული, რომ ხეობა გამოშრება და ცხოველი ამოწყდება, აბსურდია", - ამბობს ბიძინა იმნაძე.

რაც შეეხება კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, ბიძინა იმნაძის განმარტებით, ამ კუთხით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სოფლის მხარდამჭერი ფონდის შექმნა.

"სამშენებლო და მასალების მომწოდებელი კომპანიები, ქართულია. სურსათის მომარაგება სოფლიდან მოხდება. გარდა ამისა, სოფლის მხარდაჭერის ფონდის ჩამოყალიბებაზე შეთავაზება გვაქვს გაკეთებული, რომელსაც თავად სოფელი გამართავს და სადაც გარკვეული თანხა ყოველწლიურად ჩაიდება. ამ თანხას სოფელს მოახმარენ", - აღნიშნა მან BMG-სთან ინტერვიუში.

პროექტის მახასიათებლები

"ლოპოტა 1" ჰესის მშენებლობა დაგეგმილია, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ხეობაში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარია. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 5.9 მგვტ, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება - 33 418 513 კვტ.სთ. ელექტროენერგიის გადაცემა მოხდება 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ჩართული იქნება თელავის 110 კვ ძაბვის ქვესადგურში.