მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რეფინანსირების შემცირებას ლარზე? - კობა გვენეტაძის პასუხი

5ea952365c29d
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.20 14:47
1116
დღესვე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება დაანონსა და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კითხვას თუ რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს ლარის გაცვლით კურსზე კობა გვენეტაძემ ასე უპასუხა:

“მე ვფიქრობ, რომ არ მოახდენს ლარის კურსზე ეს შერბილება უარყოფით გავლენას. მე ვრცლად ვისაუბრე, რომ დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. სამი შოკის ქვეშ იმყოფება დღეს საქართველო და რა თქმა უნდა რთულია გავთვალოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ერთმანეთზე. მაგრამ ჩვენ, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის მთავარი ამ შემთხვევაში არის ინფლაცია. ის, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შეცვლილიყო საპროცენტო განაკვეთი და იყო ფაქტორები, რომელთაც ორივე მხარეს შეეძლოთ ინფლაციაზე ემოქმედათ, კერძოდ კურსის გაუფასურებას ზრდის მიმართულებით, ხოლო მოთხოვნის კლებას კი შემცირებაზე ემოქმედა.

დღეს ვხედავთ, რომ დასრულებულია მოლაპარაკება IMF-თან და გვაქვს საკმაოდ დიდი პაკეტი, რათა სირთულეებს გაუმკლავდეს და ვხედავთ რომ მოთხოვნა არის შემცირებული. გადაწყვეტილებას ვიღებთ იმაზე დაყრდნობით თუ რა ინფლაციას ვპროგნოზირებთ საშუალოვადიან პერიოდში. ჩვენი პროგნოზით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნის შემცირების შესაბამისად, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს. კურსიდან მომდინარე რისკს რაც შეეხება ეს შემცირებულია, ჩვენ უფრო აქტიურად ვართ სავალუტო ბაზარზე წარმოდგენილი და ახალი მექანიზმიც ავამოქმედეთ. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ეს ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რათა ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ,”- აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებთან სვოპ ოპერაციების განხორციელება დაიწყო. ლარის კურსის მკვეთრი მერყეობის შესარბილებლად კი პერიოდულად სავალუტო ინტერვენციებსაც ახდენს. ბოლო ინტერვენცია 27 აპრილს განხორციელდა, რა დროსაც სებ-მა $20 მილიონი გაყიდა.