მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ საბანკო სექტორზე?

5fd1169a73e5d
თათია ჩაფიჩაძე
09.12.20 22:20
1131
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უძრავი ქონების სუბსიდირების პროგრამამ სექტორის გადარჩენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, თუმცა პროგრამა ბანკებისთვის კრიზისულ წელს მაშველი რგოლი არ ყოფილა.

BMG-ის კითხვის საპასუხოდ გვენეტაძემ განაცხადა, რომ ბანკების შემოსავლების ძირითად ნაწილს არსებული პორტფელი განაპირობებს და ამ კუთხით პროგრამას მატერიალური გავლენა არ მოუხდენია.

„ვფიქრობ, რომ პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უძრავი ქონების ბაზარზე შოკის ნეგატიური გავლენის შესასუსტებლად. როდესაც ამ საკითხზე მიდიოდა განხილვები, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც იყო ბუმი უძრავი ქონების ბაზარზე და იმის გამო, რომ მაშინ არ მოხდა ამ სექტორის დახმარება, ის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფასების ძალიან დიდი კორექტირება იყო რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ფინანსური სექტორისთვისაც. ყოველთვის არის ხოლმე კითხვები საერთოდ არ უნდა მოხდეს კორექტირება? დიახ, გარკვეულწილად კი და ბაზარზე არის ეს გარკვეულწილი კორექტირება, მაგრამ ძალიან დიდი ვარდა, თუ გავითვალისწინებთ რომ ეკონომიკა შემდეგ წელს გაიზრდება, მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ საკრედიტო აქტიურობა იპოთეკურ ბაზარზე გაიზარდა, რაც პოზიტიურად აისახა ფინანსური სექტორის საქმიანობაზე. ბანკების შემოსავლების ძირითად ნაწილს არსებული პორტფელი განაპირობებს და ამ კუთხით მას მატერიალური გავლენა ვერ ვიტყვი რომ ჰქონდა. ბანკები წლებია ინარჩუნებენ ჯანსაღ მომგებიანობას, რასაც მათი ეფექტიანი ბიზნეს მოდელი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო განაპირობებს, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ზედამხედველობასთან ერთად", - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისში აამოქმედა. ის 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.