მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა მოახდინა რეექსპორტმა ექსპორტის ზრდაზე?

5e32df0052210
ირაკლი მაკალათია
30.01.20 20:39
2280
2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია. ექსპორტმა 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი შემცირდა 0,8%-ით და 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლო ხუთ წელში გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, თუმცა ამავე დროს გაზრდილია რეექსპორტის მოცულობაც. 2015 წელს რეექსპორტის წილი ექსპორტში შეადგენდა 27,2%-ს, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 37,6%-მდე. ცხადია ექსპორტის მოცულობა იზრდება რეექსპორტის გარეშეც, თუმცა, ექსპორტის მთლიანი მაჩვენებლის ზრდაში დიდი გავლენა უჭირავს რეექსპორტს.



თუ განვიხილავთ ზრდის ტემპებს, ვნახავთ რომ 2019 წელს წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 12.4%-ით, ხოლო ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5.7%-ით. გამოდის რომ რეექსპორტმა დამატებით 6,7%-ით გაზარდა ექსპორტის მოცულობა.

2019 წლის უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა:
1. მსუბუქი ავტომობილები 18.2%
2. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 17.3%
3. ფეროშენადნობები 8.0%
4. ღვინო 5.9%
5. დაფასოებული მედიკამენტები 4.6%

სადაც, მსუბუქი ავტომობილები 100%-ით, ხოლო დაფასოებული მედიკამენტები 92%-ით რეექსპორტს წარმოადგენდნენ.



სტატიაში განხილული რეექსპორტის შესახებ მსჯელობა არ ნიშნავს რომ რეექსპორტი ნეგატიური მოვლენაა და მხოლოდ ადგილობრივ წარმოებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისათვის ექსპორტთან ერთად იმპორტიც მნიშვნელოვანია. ექსპორტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქტი გაყიდო სხვა ქვეყანაში და მიიღო ეკონომიკური სარგებელი, ხოლო იმ პროდუქტებს, რომლებსაც ადგილზე ვერ აწარმოებ, პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია, ან სხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტზე უფრო მეტი ალტერნატიული დანახარჯი გაქვს, ამ შემთხვევაში რაციონალური და მომგებიანი ქმედებაა, რომ განახორციელო იმპორტი.

რეექსპორტის პირობებში ცხადია ადგილობრივი წარმოება არ არის ჩართული, თუმცა, თავად რეექსპორტის მომსახურება და დამხმარე დარგები, რომლებიც რეექსპორტირებას ემსახურებიან, იღებენ სარგებელს და ამაში ნეგატივი არც არაფერია, სტატიაში განხილული რეექსპორტის მაჩვენებლების ანალიზი იმის ილუსტრაციაა, რომ ექსპორტის შესახებ და ზოგადად ეკონომიკაში წარმოდგენილ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული ან ზედმეტი მოლოდინები და არ გავცდეთ რეალობას.

ტოპ 10 რეექსპორტირებული პროდუქცია 2019 წელს

1. მსუბუქი ავტომობილები - $686, 8 მლნ აშშ დოლარი
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $158,7 მლნ აშშ დოლარი
3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $57,7 მლნ აშშ დოლარი
4. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $44,6 მლნ აშშ დოლარი
5. სატვირთო ავტომობილები - $42,3 მლნ აშშ დოლარი
6. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $21,1 მლნ აშშ დოლარი
7. ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $20,8 მლნ აშშ დოლარი
8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $17,7 მლნ აშშ დოლარი
9. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $15,9 მლნ აშშ დოლარი
10. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $13,9 მლნ აშშ დოლარი