მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა მოახდინა უკრაინაში ომმა "რუსთავის აზოტის" ექსპორტზე

62359811404c6
მარიამ ვარადაშვილი
19.03.22 12:40
11585
საქსტატის თანახმად, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქართული კომპანია 2021 წელს სს "რუსთავის აზოტი" იყო.

როგორც BMG-ის რუსთავის აზოტის დირექტორის მოადგილემ ლევან ბურდილაძემ უთხრა, ომის პირობებში ექსპორტი სრულად შეჩერდა და იმის გამო, რომ მათ პროდუქტს სეზონურად იყენებენ, რამდენიმე თვის შემდეგ ექსპორტის შესაძლებლობა რომც იყოს, ამას უკვე აზრი აღარ ექნება.

“უკრაინა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარი იყო. ყოველწლიურად ექსპორტის სახით შეგვქონდა წლიური საწარმოო სიმძლავრის, დაახლოებით, 20-25%-მდე, აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს არის 150 ათას ტონამდე სასუქი. 2020 და 2021 წელსაც სტაბილურად შევიტანეთ 100 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია. ომის დაწყებამდე მოვასწარით 17 ათასი ტონის გაგზავნა, თუმცა ომი რომ არ ყოფილიყო, დღეის მდგომარეობით, ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ მეტი იქნებოდა. პროდუქციის ბოლო პარტია გემით 17 თებერვალს გავგზავნეთ უკრაინაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქტის მოხმარება დაკავშირებულია საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოებთან. იმისათვის, რომ უკრაინისთვის პროდუქტის მიწოდება დროულად მოხდეს, თადარიგის წინასწარ დაჭერაა საჭირო. როგორც წესი, შემოდგომიდან ვიწყებდით ხოლმე უკრაინაში ექსპორტისთვის მზადებას, რადგან საჭიროა, გემის მოძებნა და სხვა ლოგისტიკური საკითხების მოგვარება. ხვნა-თესვის სამუშაოების დაწყებისთვის იქ პროდუქცია თუ უკვე არ გაქვს გაგზავნილი, მერე აზრი აღარ აქვს საქართველოდან პროდუქციის გაგზავნას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის უკრაინაში წლევანდელი ექსპორტის სეზონი ჩავარდა”, - აცხადებს ბურდულაძე.

მისივე თქმით, ახლა მთავარია ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა იყოს, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი სამომავლოდ ამ ქვეყანაში ექსპორტის განახლებაზე ფიქრს. ამასთან როგორც "რუსთავის აზოტის" დირექტორი გვეუბნება, პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ დაუდგებათ, რადგან მათთვის ძირითადი ბაზარი მაინც ევროკავშირის ქვეყნებია.

“ჩვენი წარმოება წელიწადში, დაახლოებით, 0.5 მილიონი ტონა ამონიუმის ნიტრატია. ამ ნახევარი მილიონი ტონიდან, დაახლოებით, 70 ათასი ტონა საქართველოში იყიდება, 20-23 ათასი ტონა სომხეთში გადის ექსპორტზე, ხოლო დანარჩენს ვყიდით ევროაკვშირის ქვეყნებში და უკრაინაში. ჩვენი ძირითადი ბაზარი მაინც ევროკავშირის ქვეყნებია.

ამ კრიზის გადავლახავთ, რადგან გაყიდვების თვალსაზრისით ალტერნატიული ბაზრები გვაქვს. პრობლემაა სხვა მიმართულებით, რაც უკრაინიდან იმპორტს უკავშირდება. რუსთავის აზოტის ქარხანის ძირითადი დანადგარები ექპლუატაციაში გასული საუკუნის 80–იან წლებში შევიდა. ამ დანადგარებს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდებათ განახლება. სათადარიგო ნაწილების ძირითადი მომწოდებელი უკრაინა იყო. სუმში მდებარე ქარხანა გვიმზადებდა სათადარიგო ნაწილებს შეკვეთის საფუძველზე. ამ მხრივ რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნება, რადგან ახლა უნდა ვიპოვოთ სათადარიგო ნაწილების ალტერნატიული მომწოდებელი და ამ საკითხზე ვმუშაობთ”,-ამბობს ბურდილაძე.

უკრაინა, სადაც სამ კვირაზე მეტია რუსეთი ომს აწარმოებს, საქართველოს რიგით მე-6 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს $759 მილიონი დოლარი იყო. აქედან საქართველოს ექსპორტი $307 მილიონი (რიგით მე-5 საექსპორტო ქვეყანა), იმპორტი კი $451 მილიონი იყო, რაც უკრაინას, იმპორტის მხრივ, საქართველოს რიგით მე-8 უმსხვილეს პარტნიორად აქცევს.