27.იანვარი .2022 20:20

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე? - მოსაზრება

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე? - მოსაზრება
views 772
უკან

ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშები უფრო და უფრო ღრმავდება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების სამხედრო კონფლიქტში გადაზრდას საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსზე - ამ კითხვით bm.ge-მ თიბისის მთავარ ეკონომისტს მიმართა და მისი პროგნოზები მოისმინა.

ოთარ ნადარაიას შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან რისკს შეიცავს საქართველოს ეკონომიკისთვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთთან მიმართებითაც. „ვგულისხმობ შესაძლო სანქციებს, რადგან საქართველოსთვის რუსეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია”, - ამბობს ის.

ეკონომისტის აზრით, მართალია, ორივე ქვეყნიდან სავალუტო შემოდინებების წილი წლიურად, დაახლოებით, 20%-ს აღწევს და ამაში იგულისხმება სხვადასხვა კომპონენტი - ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ არსებული სტატუს-კვოს პირობებში ოთარ ნადარაია სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან შემცირებას არ ელოდება.

"სამწუხაროდ, თუ სიტუაცია გამწვავდება, რაც გამოიხატება საომარ კონფლიქტში, რომლის მასშტაბს, ცხადია, ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რა მასშტაბის იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა სიმკაცრის ეკონომიკური სანქცია იქნება დაწესებული რუსეთის მიმართ. ამ სცენარით, ბუნებრივია, შეგვიმცირდება ის შემოსავლები, რაც ამ ორი ქვეყნიდან გვაქვს. განსაკუთრებით უკრაინიდან იქნება შემცირება. მთლიანი სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 8% მოდის უკრაინაზე, ხოლო დაახლოებით, 14% - რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს სრულად არ შემცირდება.

სტრესული სცენარით განხილვის შემთხვევაში, რუსეთიდან, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს შემცირება, ხოლო უკრაინიდან - 30%, თუმცა აქაც იმ პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში, რომლებზე მოთხოვნაც უფრო სენსიტიურია, მაგალითად, ალკოჰოლური სასმელები. ამასთან, დიდია სასაქონლო პროდუქტების წილი, რისი სხვა ბაზრებზე გადამისამართება შედარებით მარტივია. ისევე, როგორც დიდია რეექსპორტის წილი, სადაც იმპორტის კომპონენტი დიდია და ამ მხრივ წმინდა შემოდინებებზე ეს გაცილებით ნაკლებად იმოქმდებს. მაგალითად, უკრაინაში ექსპორტში მე-2 უმსხვილესი კატეგორია ავტომობილებია. ამასთან, ასევე ვითვალისწინებთ გრივნის, დაახლოებით, 30%-ით, ხოლო რუბლის, დაახლოებით, 15%-ით გაუფასურებას.

შეჯამებისთვის, არსებული სტატუს-კვოს პირობებში ლარზე რაიმე მნიშვნელოვანი წნეხი არ ჩანს, თუმცა ვიმეორებ, თუ საომარი მდგომარეობა იქნება, ამას ჩვენზე გავლენა ექნება, თუმცა მაინც შედარებით მართვადი. კერძოდ, არსებული სტრესსცენაროთ რასაც ჩვენ ვიყენებთ, მოსალოდნელია წმინდა სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 240 მილიონი აშშ დოლარით შემცირება იმ დონესთან შედარებით, რასაც ომის სცენარის გარეშე 2022 წლისათვის გვქონდა როგორც საპროგნოზო მაჩვენებელი. 2021 წელთან შედარებით კი კლება გაცილებით ნაკლებია. ეს ჩვენთვის საკმაოდ მატერიალური თანხებია, თუმცა მაინც არა იმ მასშტაბის, რომ მსგავსი სცენარის შემთხვევაში ამ უარყოფითი ზეგავლენის მნიშვნელოვანწილად დაბალანსება ვერ მოხერხდეს”, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0637 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 500-ზე მეტი დღის წინ - 2020 წლის სექტემბერში იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა