მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ეკონომიკაზე

6215d6776f7c7
თათია ჩაფიჩაძე
23.02.22 21:00
1208
საქსტატის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარში ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში მეოთხე პოზიციაზეა უკრაინა. სიის სათავეში 49.6 მლნ აშშ დოლარით ბულგარეთია, რომელსაც 46.8 მლნ-ით აზერბაიჯანი, 42.7 მლნ-ით რუსეთი, 31.6 მლ-ით უკრაინა და 27.8 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი მოჰყვება.

რაც შეეხება იმპორტს, ამ მიმართულებით ქვეყნის უმსხვილებს სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან – თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ, უკრაინა კი ამ ჩამონათვალში 33 მლნ-ით, მეშვიდე პოზიციას იკავებს.

ვაჭრობის გარდა უკრაინა გზავნილების მოცულობის მიხედვითაც ტოპ-10 ქვეყანას შორის არის. ეროვნული ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მას 5.5 მლნ-ით მეცხრე პოზიცია უკავია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. მეორე პოზიციაზე $22.4 მილიონით რუსეთის ფედერაცია, რომლის შემთხვევაშიც კლება -3%-ია.

უკრაინის წილი ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების თვალსაზრისითაც, რომლის აღდგენის ტემპი იანვარში საკმაოდ აჩქარდა, თუმცა რუსეთ-უკრაინას შორის მოსალოდნელი კონფლიქტის ფონზე ეკონომისტები ამბობენ, რომ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი იქნება.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ომმა შესაძლოა ვაჭრობის, ტურისტების და გზავნილების გარდა, პორტების დაბლოკვაც გამოიწვიოს, რაც ზარალს გაზრდის.

„ე.წ. ოლქები უფრო დიდია ვიდრე ის, რაც ახლა დაკავებული აქვს რუსეთს, გამყოფი ზოლის იქით დგას უკრაინული არმია, თუ რუსეთმა დააპირა ლუგანსკის იმ საზღვრებში აღიარება, რაც მას ჰქონდა აქამდე, მაშინ მას მოუწევს უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება და ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს დიდი კონფლიქტი, რომელიც არ ვიცით რა მასშტაბებს მიიღებს.

თუ რუსეთმა შავ ზღვაზეც დაიწყო შეტევა, მაშინ შეძლება ჩვენი პორტების დაბლოკვაც მოხდეს და ეს დიდ ზიანს მოგვაყენებს. თუმცა ამის გარეშეც, მცირე მასშტაბის პირობებშიც ეკონომიკური ზარალი იქნება საკმაოდ დიდი. ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც დროებით შეფერხდება, შეფერხდება ინვესტიციების შემოდინებაც, რადგან კონფლიქტი რეგიონული მასშტაბისაა. რაც შეეხება რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას, ეს კიდევ უფრო დიდია, შეიძლება დროებით შეფერხდეს საიმპორტო საქონლის მოწოდებაც და ჩვენი საქონლის გასაღებაც რუსეთის ბაზარზე, ამან დიდი ზარალი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა ამბობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან არსებული მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების გამო.

„რთულია შეფასება, რადგან არ ვიცით რამდენად მასშტაბურ ეკონომიკურ შოკს უნდა ველოდოთ იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ვდგავართ. ყველაზე რთული სცენარების შემთხვევაში გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი იქნება. უკრაინა მჭიდრო პარტნიორია, მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია რომ თუ კონფლიქტი იქნება მასშტაბური, რუსეთს დაუწესდება მნიშვნელოვანი სანქციები, რუსეთთან კი კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელში ის ტოპ ხუთეულშია და ზოგიერთ შემთხვევაში მთავარი პარტნიორია. ამას დამატებთ ნეგატიური ეფექტი ექნება ქართულ ეკონომიკაზე, ხოლო რა იქნება გავლენის ზომა, ამის შეფასება ახლა რთულია.“ - განაცხადა კეშელავამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" აღიარა და იქ "მშვიდობის დასამყარებლად" განკარგულება გასცა. საპასუხოდ გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადადგა ნაბიჯები Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შესაჩერებლად.