მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი საქართველოზე - Galt&Taggart

5eecdf6b618ae
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.20 09:50
1688
"ჩვენი ქვეყნისთვის ამ კრიზისის შედეგები საკმაოდ მძიმე იქნება", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა ონლაინ ვებინარზე ახალი კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის სექტორის 2020 წლის მეორე ნახევრის გამოწვევებზე ისაუბრა. 

მისი განმარტებით, მსოფლიოში სამი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ტურიზმის სექტორს აღდგენისთვის, დაახლოებით, 10-20 თვე სჭირდებოდა. თუმცა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი წინა კრიზისებზე მასშტაბური აღმოჩნდა.

„ჩვენ ავარჩიეთ სამი კრიზისი: 11 სექტემბრის ტერაქტი - 2001 წელს, Sars ეპიდემია იგივე პირველი კორონავირუსი - 2003 წელს და მსოფლიო ფინანსური კრიზისი - 2009 წელს. ეს კრიზისები მასშტაბით COVID-19-ს ვერ შეედრებიან, მაგრამ ყველაზე მასშტაბური კრიზისებია, რაც აქამდე ტურიზმის სექტორში ყოფილა.

ამ კრიზისების დასაძლევად ტურიზმის სექტორს 10-20 თვე სჭირდებოდა, რომ თავი აღედგინა და დაბრუნებულიყო კრიზისამდელ დონეზე და გაეგრძელებინათ ზრდა, მაგრამ იყო რეგიონები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ ამ პერიოდში, მაგალითად 11 სექტემბრის ტერაქტისას - ამერიკა, SARS ეპიდემიისას - აზია და მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს - ევროპა“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ SARS- COV-2-ის შემთხვევაში ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე უფრო გვიან შეძლებენ ეპიდემიამდე არსებული მაჩვენებლების აღდგენას და მათ შორის არის საქართველოც.

„ზოგ ქვეყანაში უფრო მწვავე შეიძლება იყოს ამ კრიზისის ეფექტი ტურიზმზე. ყველაზე მწვავე იქნება კრიზისის ეფექტი იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკები მნიშვნელოვანწილად არიან დამოკიდებულები ტურიზმზე და საქართველო არის მოწინავე ამ ქვეყნების რიცხვში.



Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქონლის და მომსახურების ექსპორტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 36%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში, დაახლოებით, 19%-ს აღწევს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ კრიზისის შედეგები საკმაოდ მძიმე იქნება“, - განაცხადა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.