მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს ლარის გამყარება საწვავის ფასზე?

60b906c819468
თათია ჩაფიჩაძე
04.06.21 00:00
10294
ბოლო სამი კვირაა საწვავის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდეა გაზრდილი. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის სწავავი 2.85-დან 3.15 ლარამდე მერყეობს.

ფასის მნიშვნელოვანი ზრდა ადგილობრივი კომპანიების მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასისა და ლარის გაუფასურებით იხსნებოდა, თუმცა 14 მაისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით საგრძნობლად გამყარდა, შესაბამისად საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი რომ ამან საწვავის ღირებულებაზე პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოს. თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კოტრიკაძე განმარტავს, რომ დღეისათვის ფასის შემცირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ისევ იზრდება და ლარის დასტაბილურება ამ ეტაპზე მხოლოდ არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

“დღესდღეობით ბარელი ნავთობის ფასი 71$-ია, ანუ ფაქტობრივად ზრდა მოხდა და ამან რეალურად განსაზღვრა ის ფასები, რაც დღესდღეობით შეინიშნება. ამ ეტაპზე ეს ნიშნული შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება ლარის კურსის ცვალებადობას და გამყარებას, ეს ხელს უწყობს იმას რომ ფასი არ იზრდება. მე ვერ ვხედავ რესურსს, რომ მოხდეს ფასების გაიაფება თუკი საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენცია არ იქნება, რისი მოლოდინიც არ არის.

რაც შეეხება მოხმარებას ის ყოველთვის მაღალი იყო და ახლა კომენდანტის საათის გადაწევამ კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა კომპანიები პანდემიის დროს წაგებაზე მუშაობდნენ და ჯერ ამან გაყიდვებზე ასახვა ვერ ჰპოვა.“ - აცხადებს კოტრიკაძე.

გაფადება თუ არა საწვავი? - ამ კითხვით BMG კომენტარისთვის მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათმა ნაწილმა თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სულ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 339.9 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით და 20,9 ათასი ტონით ანუ 6,5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით.